მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ღვინის ექსპორტი მცირედ კლებას აჩვენებს

628683748b9fd
ნინო ტაბატაძე
19.05.22 22:24
1124
ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად ღვინის ექსპორტი მცირედ კლებას აჩვენებს.

2022 წლის 4 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 60.3 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. კლება მხოლოდ 5.8%-ია. ექსპორტის 55.7% რუსეთზე მოდის.

მხოლოდ აპრილში საექსპორტო ბაზრებზე 14.5 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. აქედან 8.2 მილიონი დოლარის - რუსეთში. საექსპორტო ბაზრებიდან 8 ქვეყანაა ისეთი, სადაც 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო გავიდა.

ღვინის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით/ იანვარ-აპრილი

1. რუსეთი - 33.6 მლნ დოლარი
2. პოლონეთი - 5.05 მლნ დოლარი
3. ჩინეთი - 4.28 მლნ დოლარი
4. უკრაინა - 2.76 მლნ დოლარი
5. ყაზახეთი - 2.37 მლნ დოლარი
6. აშშ- 1.57 მლნ დოლარი
7. ლატვია - 1.54 მლნ დოლარი
8. გერმანია - 1.2 მლნ დოლარი

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება.

ლევან მეხუზლამ BM.GE-სთან განმარტა, რომ ორი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი სრულად შეჩერდა უკრაინაში, ხოლო სხვა ბაზრებზე მეტ-ნაკლები კლება შეიმჩნევა.

„გათვალისწინებით, რომ 2021 წელს ექსპორტი დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა, როგორც საექსპორტო ღირებულების, ასევე მოცულობის მიხედვით, მიმდინარე წელს სამწუხაროდ ობიექტური და არასასიამოვნო მიზეზების გამო, უკვე ჩანს, რომ კლება გვექნება“, - აღნიშნა BM.GE -სთან ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, რუსეთზე ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დროის მოკლე პერიოდში გადაწყობა რთულია, თუმცა მცდელობას არავინ აკლებს და ბევრი კომპანია დივერსიფიცირებას ცდილობს. მათ შორის რუსეთზე ორიენტირებული კომპანიები ცდილობენ ჩინეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და სკანდინავიის მიმართულებით მუშაობას.