მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური შესაძლოა, Hyundai-მ ააშენოს

5dd3f9a9c839b
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 18:19
2702
კორეული მედიის ინფორმაციით, ნენკსრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გენერალური კონტრაქტორი შესაძლოა კორეული გიგანტი Hyundai Engineering & Construction Co იყოს. ამასთანავე, Hyundai-ის პარტნიორი აღნიშნულ პროცესში თურქული კომპანია Limak-ი იქნება. 

კორეული მედიის ინფორმაციით, Hyundai და Limak-ი კონტრაქტის ფარგლებში $332 მილიონს მიიღებენ. ამ თანხის სანაცვლოდ კომპანიები სვანეთში მდინარე ნენსკრაზე 280-მეგავატიან ელექტროსადგურს ააშენებენ. 

თურქული კომპანია Limak-ი ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია, რომელიც ენერგეტიკის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში საქმიანობს. 

სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში "ნენკსრა ჰიდრო" 36 წლის განმავლობაში გაუწევს ელექტროსადგურს ოპერირებას, რის შემდეგაც ელექტროსადგურის მართვის უფლება საქართველოს მთავრობას გადაეცემა. 

BMG აღნიშნული ინფორმაციის შესახებ თავად  სს „ნენკსრა ჰიდროს" დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ პროექტის გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად ტენდერს 2019 წლის განმავლობაში ატარებდნენ, შერჩეულ კანდიდატთან კი ამჟამად ხელშეკრულების ფინალიზება მიმდინარეობს. "ნენსკრა ჰიდრო" ამჟამად Hyundai-სა და Limak-ის სახელის გაჟღერებისგან თავს იკავებს.

"ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენკსრა ჰიდრო“ გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერს 2019 წლის განმავლობაში ატარებდა.

დღევანდელი მდგომარეობით, გამოვლინდა შერჩეული კანდიდატი. ამჟამად, შესაბამისი ხელშეკრულების ფინალიზება მიმდინარეობს.

როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, სს „ნენსკრა ჰიდრო“ იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოებას დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს," - წერია კომპანიის მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ განმარტებაში. 

ნენსკრაჰესის პროექტს სს "ნენსკრა ჰიდრო" ახორციელებს, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა  და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. პროექტი აშენების შემთხვვევაში საქართველოში ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებაზე დადებით გავლენას იქონიებს.