მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEQSOL ჰოლდინგის მიერ “ალფა ბანკ უკრაინის” შესყიდვის გარიგება ჩაიშალა

633187a9d3057
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.22 15:35
551
აზერბაიჯანული NEQSOL ჰოლდინგი რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანის, პეტრ ავენისა და ანდრეი კოსოგოვის “ალფა ბანკის” უკრაინული შვილობილის ყიდვას გეგმავდა, თუმცა მხარეთა შორის გარიგება ვერ შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბანკის შესყიდვისთვის გარიგება კომპლექსური იქნებოდა და თავად NEQSOL-ი “ალფა ბანკის” უკრაინულ აქტივებს არა სანქცირებული მილიარდერებისგან, არამედ სახელმწიფოსგან შეიძენდა, რადგანაც გარიგებამდე ბანკის ნაციონალიზაცია მოხდებოდა. სწორედ ნაციონალიზაციიდან მალევე, სახელმწიფო ბანკის აქტივებს NEQSOL-ს გადასცემდა.

თავად NEQSOL ჰოლდინგი რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს უკრაინაში. 2019 წელს მან $848 მილიონად Vodafone Украина შეიძინა, 2021 წელს კი ივანო-ფრანკოვსკის ცემენტის ქარხნის $400-500 მილიონად შეძენის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები.

უკრაინული Forbes-ის ინფორმაციით, გარიგების ერთ-ერთი წინაღობა კაპიტალის წარმოშობის დადასტურებაც გახდა, რაც ტრანზაქციამდე NEQSOL ჰოლდინგს უკრაინის ცენტრალურ ბანკში უნდა გაევლო.

თავად NEQSOL ჰოლდინგი საქართველოშიც საქმიანობს და ქვეყანაში მის აქტივს “კავკასუს ონლაინი” წარმოადგენს, თუმცა 2020 წელს ამ კომპანიაში საქართველოს მთავრობამ სპეციალური მმართველი დანიშნა, რაც NEQSOL-მა საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა გრძელდება.