მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელი ქართულმა ბანკებმა 522 მილიონი ლარის მოგებით დაიწყეს

628ba406bbdd6
BM.GE
24.05.22 00:00
1676
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2022 წლის პირველი ოთხი თვის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს წარუდგინეს. ანგარიშების მიხედვით, სექტორის ჯამური შემოსავალი ამ პერიოდში 2.18 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

ბანკების შემოსავლები ორ ძირითად ნაწილად იყოფა, ესაა საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები. გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავლებმა იანვარ-აპრილის პერიოდში 1.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი. არასაპროცენტო შემოსავლები კი 443 მილიონი ლარი იყო, ეს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია. აქედან საკომისიოები 163 მილიონი ლარი იყო, ვალუტის გაცვლის მომსახურების წმინდა მოგება 160 მილიონი ლარი, დაკისრებული ჯარიმები კი 27 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, ის 1.55 მილიარდი ლარი იყო, აქედან ყველაზე მეტი თანხა 850 მილიონი ლარი საპროცენტო ხარჯებს წარმოადგენდა. ეს ხარჯები ორ ნაწილად იყოფა, კერძოდ დეპოზიტარებისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი 460 მილიონი ლარი იყო, ბანკების მიერ აღებული სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 290 მილიონი ლარი.

რაც შეეხება არასაპროცენტო ხარჯებს, ის 604 მილიონი ლარი იყო, მათ შორის დასაქმებულთა ხელფასებად 290 მილიონი ლარი გაიცა.

მთლიანობაში, ბანკების მოგებამ 627 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ბანკებმა 104 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, შედეგად, მათ 522.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

ეს მოგება წამყვანი ბანკების მიხედვით ასე ნაწილდება:

თიბისი ბანკი - 279.4 მლნ ლარი
საქართველოს ბანკი - 210.3 მლნ ლარი
ბაზის ბანკი - 21.7 მლნ ლარი
ლიბერთი ბანკი - 12.7 მლნ ლარი
კრედო ბანკი - 6.9 მლნ ლარი.