27.იანვარი .2022 19:00

საქართველოს რძის პროდუქტების კომპანიების რეიტინგი

საქართველოს რძის პროდუქტების კომპანიების რეიტინგი
views 2418
უკან

საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე ორი ძირითადი კომპანია დომინირებს, ესენია ფრანგული “ლაქტალისის” შემადგენლობაში შემავალი კომპანია “სანტე” და ამერიკული Pepsico-ს შემადგენლობაში შემავალი “სოფლის ნობათი” (ვიმ-ბილ-დან საქართველო). ორგანიზებული ბაზრის ნახევარი სწორედ ამ ორ მოთამაშეზე მოდის.

რძის პროდუქტების მსხვილი მწარმოებლების და იმპორტიორების 2020 წლის შემოსავლები ასეთია:

1. შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები - 96,177,047 ლარი;
2. ვიმ-ბილ-დან საქართველო (სოფლის ნობათის ბრენდი, უშუალოდ რძის პროდუქტების მიმართულება) - 76,843,000 ლარი;
3. შპს „ლაქტალის ჯორჯია“ - 36,001,622 ლარი;
4. შპს "რესპუბლიკა" (მალკო) - 13,752,767 ლარი;
5. შპს "ქართული რძის პროდუქტები" (რძისამე, 2019 წლის შედეგები) - 15,074,766 ლარი;
6. Danone Georgia - 10,178,430 ლარი;
7. შპს "ჩვენი ფერმერი" (დღის პროდუქტები) - 7,003,000 ლარი.
8. კომპანიების ჯამური შემოსავლები 255 მილიონი ლარია.

საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარი იმპორტირებულ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ადგილობრივ ფერმებში საკმარისი რაოდენობის რძე არ იწარმოება, ამიტომაც წლიდან წლამდე დაახლოებით 60 მლნ ლიტრი რძის ექვივალენტი რძის ფხვნილის იმპორტი ხდება.

2020 წელს მშრალი რძის იმპორტი $16.7 მილიონი დოლარი იყო. ასევე მაღალია იმპორტდამოკიდებულება კარაქის სეგმენტში, 2020 წელს საქართველომ $26 მილიონის ღირებულების 5,2 ათასი ტონა კარაქის იმპორტი განახორციელა. შედარებით მცირეა ყველის იმპორტი, რამაც შარშან $14 მილიონი და 3,6 ათასი ტონა შეადგინა.

ყველის წარმოების მხრივ ქვეყანაში მოქმედია ასობით წვრილი ფერმერული მეურნეობა, რომლებიც შეუფუთავ და არასტანდარტულ პროდუქტს ამზადებენ. ყველის სეგმენტში ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებას უკავია.

რძის ნაწარმის კორპორატიული მოთამაშეები ცდილობენ, რომ უფრო მეტად მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტების რეალიზაციაზე გააკეთონ აქცენტი, საუბარია იოგურტებზე, სენდვიჩის ყველზე, არაჟანსა და სხვა პროდუქტებზე.