მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

6416d2ef795ec
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.23 13:17
2535
გთავაზობთ გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს (13-19 მარტი)

1) ეროვნულმა ბანკმა ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-მდე გაუზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოზიდვა გაუძვირდათ, უფრო სწორედ კი ბანკებს მათ მიერ მოზიდული სახსრებიდან უფრო მეტი თანხების დარეზერვება მოუწევთ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ საუბარია დაახლოებით 500 მილიონის დამატებით რეზერვზე, რომელიც ბანკებმა მომდევნო 12 თვის ვადაში უნდა შეავსონ. საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, კონტრციკლური ბუფერის გაზრდის გამო, ბანკებს დამატებითი კაპიტალის ძიება მოუწევთ. უფრო ვრცლად, წაიკითხეთ სტატია.


2) საქართველოსა და UAE-ს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოში გასული კვირის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს დელეგაცია და ქვეყნის ვაჭრობის მინისტრი იმყოფებოდა. დასრულდა ორი ქვეყნის მთავრობების მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი, რომლის შემდეგაც ყოვლისმომცევლი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რაც მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის. უფრო ვრცლად, წაიკითხეთ სტატია.


3) თებერვალში ფულადი გზავნილები 103%-ით გაიზარდა

2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილებში პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც თებერვალში 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 754%-ით მეტია. სავარაუდოდ ეს გზავნილები რუსი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 39 მილიონი დოლარი შემოვიდა, აშშ კი მესამე ადგილზე 30 მილიონი დოლარით. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


4) მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებისთვის სახელმწიფო კომპანიას აფუძნებს

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის შესასრულებლად მიმდინარე კვირას სახელმწიფო კომპანია დაფუძნდება. ეს კომპანია ქონების ეროვნული სააგენტოს ქვეშ შეიქმნება და ის პორტის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესაბამისად კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


5) ბიზნესმენ მაკა ასათიანის კომპანია $30-მილიონიანი ინვესტიციით ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა არის დაგეგმილი - პროექტს კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენმა მაკა ასათიანმა დააფუძნა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტორი პროექტში $30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.

ყულევში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, რითიც ახალი თიზ-იც შეიქმნა. თიზ-ში მინერალური სასუქების საწარმო უნდა აშენებულიყო. აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა, ამასთან შეიცვალა ქარხნის დანიშნულებაც და მინერალური სასუქების ნაცვლად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა განისაზღვა. პროექტის განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც პროექტის ინვესტორი კიდევ ერთხელ შეიცვალა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


6) ლაგუნა ვერესთან “ქართუ ჯგუფის” ცათამბჯენის პროექტი მერიამ დაახარვეზა

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული. მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გეგმარებითი დავალება ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს მხრიდან განუხილველია. საქმის წარმოება კი დახურული. BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ ძველ პროექტს მსვლელობა აღარ მიეცემა და კომპანია ახალ განაცხადს წარადგენს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


7) საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 ადგილით ჩამოქვეითდა - მთავრობამ მომხდარის შესახებ შეცდომაში შემყვანი პოსტი გამოაქვეყნა

გავლენიანმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია მთელი 9 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველო ამჟამად ინდექსში 35-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 4 ჯგუფში შემავალი 12 კრიტერიუმისგან შედგება. ინდექსის საბოლოო შეფასება ამ კრიტერიუმებში მიღებული ქულების საშუალოს წარმოადგენს.

მთავრობამ მომხდარის შესახებ შეცდომაში შემყვანი პოსტი გამოაქვეყნა - "მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა." თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საუბარია არა მთლიან ინდექსზე, არამედ მხოლოდ ერთ ქვეკომპონენტზე (Government Integrity), მეტიც ამ ქვეკომპონენტში საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია, თუმცა კლების შესახებ მთავრობის პოსტში ერთი სიტყვა არაა ნათქვამი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


8) 2022-2023 სასწავლო წლებში უცხოელმა სტუდენტებმა ქართულ სასწავლებლებში 260 მლნ ლარი გადაიხადეს

2022-2023 სასწავლო წლებში უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოში უმაღლეს განათლებაში 260 მილიონი ლარი გადაიხადეს - ამის შესახებ PMC-ის მიერ მომზადებული კვლევიდან ხდება ცნობილი, რომელიც უცხოელთა სასწავლო დანახარჯების დინამიკას ეხება. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3 508-იდან (27 ქვეყნიდან) 20 690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3% იყო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

9) იმედგაცრუებული ვართ პრემიერის მიერ ბიუჯეტის ინდექსის შედეგების არასწორად გამოყენებით - IBP

საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (IBP)- ორგანიზაცია, რომელიც ღია ბიუჯეტის ინდექსს აქვეყნებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რასაც ღია ბიუჯეტის ინდექსიც ადასტურებს, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგანაც ღია ბიუჯეტის ინდექსი საბიუჯეტო დოკუმენტების დროულ გამოქვეყნებას აძლევს დადებით შეფასებას, მაშინ როდესაც მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სხვა ასპექტები ინდექსით არ იზომება. ამასთან, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა აღნიშნავს, რომ სხვა შეფასებები აჩვენებენ, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია გაზრდილია, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცულობა შემცირებული. უფრო ვრცლად წაიკითხეთ

10) ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საბანკო სექტორში ბრუნდება

ლაშა პაპაშვილი საბანკო სექტორში ბრუნდება. როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ციფრული ბანკისთვის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადო ოთხი თვის წინ შეიტანა და პასუხის მოლოდინშია. მისივე თქმით, ბანკს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ქმნის.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.