მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლაში - კვლევა

61f16237c2d80
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.22 19:23
974
საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში DCFTA-ს იმპლემენტაციის შედეგების შეფასებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით მომზადდა კვლევა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების შეთანხმების ეროვნულ დონეზე ათვისებას შეეხება. საქართველოსთვის კვლევა ჩაატარა “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა”, რომელმაც გამოავლინა ის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს აფერხებენ.

ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის პირველ ადგილზეა ის, რომ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ დააკმაყოფილონ EU-ს სტანდარტები, რაც ათასობით ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარს ჩაკეტილს ტოვებს. სხვა ფაქტორებია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, ლოგისტიკის სიძვირე და წარმოებების არაეფექტიანობა.

“ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ქართულმა ექსპორტმა უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მოთხოვნები სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის შესახებ. საქართველომ ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი გასწია და 2020 წელს 98% სტანდარტებისა, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყვნენ, თუმცა ქართულ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა. კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, მათ შორის კრედიტებზე ბიზნესის გაფართოების მიზნით.

ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგანაც საქართველოს არ გააჩნია EU-სთან სახმელეთო საზღვრები. ასევე ფაქტორია ისიც, რომ ქართული საწარმოები მცირე ზომის და არაეფექტიანია, რასაც ერთვის სასოფლო-სამეურნეო წარმოებების სეზონურობაც.

ამ შეზღუდველი ფაქტორების გათვალისწინებით, იმის მიუხედავად, რომ DCFTA-ს იმპლემენტაციამ თეორიულად გახსნა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები, იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დაკავებულები არიან EU-ში ექსპორტით მცირეა და, დაახლოებით, 800-ს შეადგენს, რაც საქართველოში აქტიური ბიზნესების მხოლოდ 0.6%-ია,” - ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის ავტორები ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევენ:

● მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სტანდარტების ათვისებაში დახმარება, განსაკუთრებით სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების მიმართულებით;
● საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების ლაბორატორიის გამართვა და ლაბორატორიის მიერ EU-ში აღიარებული ცნობების გაცემა;
● მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრძელვადიანი ხელმისაწვდომი დაფინანსების უზრუნველყოფა, საკრედიტო საგარანტიო სისტემის შეთავაზება;
● კოოპერატივების კლასტერების წახალისება;
● სამაცივრე მეურნეობების განვითარება საექსპორტო პოტენციალის გასაუმჯობესებლად;
● ევროკავშირში ქართული ექსპორტისთვის სატრანზიტო კორიდორის შემუშავება, რათა შემცირდეს ლოგისტიკის საფასური.