მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიამორი" - სპეციალური გრავირებით წარმოდგენილი ღვინო და ჭაჭა

5e5945982c3ca
ნუცა ბაზლიძე
28.02.20 22:00
4037
კომპანია “ნიამორი“, რომელიც მომხმარებლებს სპეციალურად გრავირებულ ბოთლებში წარმოდგენილ ღვინოსა და ჭაჭას სთავაზობს, წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით BM.GE-ის კომპანიის დირექტორი გიორგი ბოჭორიშვილი ესაუბრა.

როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე კომპანიის მარანი კასპის რაიონის სოფელ თელიანშია, სამომავლოდ კი, თბილისთან ახლოს, კიდევ 1 მარნის დამატებაა დაგეგმილი. ეს, თავის მხრივ, „ნიამორის“ წარმოების ზრდას უკავშირდება. ამჟამად კი, კომპანიის დირექტორის განმარტებით, პროდუქცია თვეში დაახლოებით 200 ბოთლის რაოდენობით იწარმოება.

როგორც „ნიამორის“ დირექტორი განმარტავს, კომპანიის წარმოების ფარგლებში 5 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, მათ შორის: „საფერავი“, „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „რქაწითელი“ და „წინანდალი“. რაც შეეხება ჭაჭას, ამ შემთხვევაში, წარმოდგენილია 2 მიმართულების სასმელი, მათ შორის კასრში დაძველებული ვარიანტი.

„ნიამორის“ ნიშას წარმოადგენს სასაჩუქრე მიმართულება და ბოთლზე დატანილი გრავირება, რომელიც ლაზერის გარეშეა შესრულებული. როგორც გიორგი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კომპანიის პროდუქცია ფაქტობრივად, ღვინოსთან ერთად ნაკეთობას მოიაზრებს. ამასთან, კერძო შემთხვევებში კომპანიის სერვისი ბოთლზე ნახატის გადატანასაც ითვალისწინებს, რაც მის ამოტვიფრვასა და შეღებვას გულისხმობს.

როგორც გავარკვიეთ, მინაზე ამოტვიფრული გრავირება მოიაზრება როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ასევე კომპანიის მიერ შეთავაზებული ვარიანტებით.

BM.GE-სთან საუბრისას, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კომპანიის კონცეფციიდან გამომდინარე, ვინაიდან აქტუალურია ინდივიდუალური შეკვეთები, პროდუქციის რეალიზაციისთვის უფრო კომფორტული ონლაინ შეკვეთებია. შესაბამისად, „ნიამორის“ პროდუქციის შეძენა სოციალური ქსელის გამოყენებით არის შესაძლებელი. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, შეკვეთა დაახლოებით 2-3 დღეში მზადდება. რიგ შემთხვევებში კი 1 დღეშიც.

გამოწვევებზე საუბრისას, გიორგი ბოჭორიშვილმა ტექნოლოგიური სირთულეები გამოყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გარდა წარმოების ზრდისა, მოიაზრება კომპანიის ვებგვერდის ან აპლიკაციის შექმნა.

ცნობისთვის: გიორგი ბოჭორიშვილის განმარტების მიხედვით, „ნიამორი“ 2016 წელს დაარსდა, აქტიურად ფუნქციონირება კი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიის საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. ამასთან, „ნიამორის“ ღვინოები ძირითადად 1.5, 3 და 5 ლიტრიან ბოთლებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ამ ეტაპზე, ის დაახლოებით 55-445 ლარის ფარგლებში მერყეობს, მოიაზრებს შეფუთვასა და თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისსაც. ღირებულება დამოკიდებულია პროდუქციის ზომასა და გრავირების თავისებურებებზე.