მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგვზიანში მდებარე საწარმო 20 ტონა დაფნის გადამუშავებას აანონსებს

5e46be43222e4
ნუცა ბაზლიძე
15.02.20 11:20
1072
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო წელს, სეზონზე დაახლოებით 20 ტონა დაფნის გამოშვებას აანონსებს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი მიხეილ მელუა BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე, საწარმო დაფნის გადამუშავებაზეა ორიენტირებული, ზაფხულიდან კი პრიორიტეტი სამკურნალო მცენარეებს მიენიჭება.

„დაფნის მიღების და გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე, სეზონურობის აღმოსაფხვრელად და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიაც გავაუმჯობესოთ და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები გადავამუშავოთ“, - აღნიშნავს მელუა.

როგორც მიხეილ მელუასგან შევიტყვეთ, საწარმო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებს. აქ 24 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის კი - 16 ქალი. ამასთან, მელუა დასძენს, რომ დასაქმებულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, სამომავლოდ კი თანამშრომელთა რაოდენობის ზრდაც განიხილება.

„გაფართოების თაობაზე პროექტი USAID-ში შევიტანეთ, ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით, ველოდებით. მისი განხორციელება ხელშემწყობი იქნება. წარმოების მოცულობას გავზრდით, ტექნოლოგიას გავაუმჯობესებთ, დასაქმებულთა რიცხვი 35-მდე გაიზრდება”, - აღნიშნავს მიხეილ მელუა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

„გვსურს, დახარისხების ტექნოლოგია დავხვეწოთ, ფართი გავზარდოთ, მოწყობილობა-დანადგარები შევიძინოთ და ამის მერე პროდუქცია მიიღებს საბოლოო სახეს“, - დასძენს მიხეილ მელუა.

ცნობისთვის: საწარმოში ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობით, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით კი, 100 000 ლარის ოდენობით განხორციელდა.