მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გამყრელიძე: კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება

5ffee4fa29403
ლიკა გურაბანიძე
13.01.21 16:42
1426
“კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ასევე, რთულია პირადი უსაფრთხოების საშუალებების, დაახლოებით, 3-4 ჯერ გაზრდილი მოხმარება და მათი დეფიციტის გამო გაზრდილი ფასები",  - ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის შეთანხმება უნდა მოხდეს.

“მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი სამართლიანად ავსახოთ. სუბსიდირების პროგრამების მომხრე არ ვარ, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ უნდა გაფუჭდეს და სისტემამ შეუფერხებლად ფუნქციონირება უნდა განაგრძოს", - განმარტა ნიკა გამყრელიძემ.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, COVID-19-მა მსოფლიოში და ასევე საქართველოში, შესაძლოა, ახალი და საჭირო სამედიცინო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

“პანდემიის გამო ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტებზე გაუჩნდათ და COVID-19 მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კვალს ტოვებს, ამისთვის კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამები იქნება საჭირო, ეს პროგრამები ევროპის რამდენიმე ქვეყანას უკვე მიღებული აქვს. გერმანიაში კერძო კლინიკებში ეს პროგრამები ვნახეთ და ჩვენი თანამშრომლების გაშვებას ვგეგმავთ, სადაც მათი გადამზადება მოხდება, რათა მოსახლოებას გაზაფხულიდან ეს პროგრამები შევთავაზოთ, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. როდესაც ტურიზმი აღდგენას დაიწყებს, სამედიცინო ტურიზმის მხრივ საქართველომ შესაძლოა ამ კუთხით რეგიონში პოზიციონირება მოახდინოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” ჯამში 15 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.