მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ნანუაშვილი შრომის კოდექსის ცვლილებებზე: "კანონპროექტი აცდენილია ევროკავშირის დირექტივებს"

5dac3770774a6
BM.GE
20.10.19 14:29
1101
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტი ნიკა ნანუაშვილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების აკრიტიკებს. მისი შეფასებით, კანონპროექტი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს, რომელზე გადასვლაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა ერთბაშად.

„40 განაკვეთური და 8 ზეგანაკვეთური საათი ევროდირექტივით არის სტანდარტი, თუმცა, აქ არის მთელი რიგი დათქმები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ამ სტანდარტამდე ეტაპობრივად მივიდეს, ან საერთოდ უარი თქვას ამ „ჩაკეტვაზე“.

ჩვენ არ ვიყენებთ გამონაკლისის საშუალებას. ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ბევრად მდიდრები და განვითარებულები არიან, ასევე შრომის ორგანიზების სტანდარტებით ბევრად მაღალ საფეხურზე დგანან; 28 ქვეყნიდან 18, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იყენებს ამ და სხვა დათქმებს, რომლის შედეგადაც იქ არ არის განსაზღვრული, რომ ადამიანს არ შეუძლია კვირის განმავლობაში 48 საათზე მეტი იმუშაოს“, - აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში შრომის კოდექსის კანონპროექტზე საუბრისას.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას იურისტი დასძენს, რომ რეგულაციების შემოღებისას საჭიროა ბიზნესის, ბიუჯეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა; გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტორიც, რომ ბიზნესის ხარჯების ზრდა, ავტომატურად იწვევს მის მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ სერვისის ღირებულების ზრდას.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.

ცვლილებების მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში 40 საათით, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში მაქსიმუმ 8 საათით. იკრძალება კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა. უქმდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისათვის ნორმირებული სამუშაო დრო (48 საათის ოდენობით კვირაში) ზეგანაკვეთური სამუშაო საათისათვის წესდება ანაზღაურების სტანდარტი ნორმირებული სამუშაო საათის ანაზღაურების 125%-ის ოდენობით.