მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოაჩინე აქამდე უცნობი სვანეთი და რაჭა - 120 ტურისტული მარშრუტი მოგზაურებისთვის

62bd3ccccb2d6
ანუკა ჯოხაძე
30.06.22 11:00
1204

ჩვენი რესპონდენტი ნორვეგიიდან საქართველოში 11 წლის წინ ჩამოვიდა და სვანეთში დასახლება გადაწყვიტა. რიჩარდ ბაერუგი, დღეს სვანეთში, სოფელ ბეჩოში სასტუმროს “USHBA GRAND HOTEL”-ის მფლობელია და სტუმრებს ისეთი ქვეყნებიდან მასპინძლობს, როგორებიცაა აშშ, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ.

როგორც BM.GE-სთან ბაერუგი ყვება, მის სასტუმროში ჩასულ დამსვენებლებს ის სვანეთის ტურებსაც სთავაზობს. მისი თქმით, იმისთვის, რომ სვანეთის სოფლები კიდევ უფრო მეტად ცნობილი გახდეს და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეს, სოფლების პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს.



ზუსტად ამიტომ, ბაერუგმა ტურისტებისთვის ე.წ გზამკვლევის შექმნა გადაწყვიტა, რაშიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებული პროექტი “GRETA” დაეხმარა.

“ვცადეთ და მივიღეთ დაფინანსება, რითაც დაიბეჭდება ახალი წიგნი, რომელიც გააერთიანებს როგორც სვანეთის ისე ზემო რაჭის სალაშქრო მარშუტებს. ვფიქრობ, ამ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგი რეგიონში ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი მცირე სოფლებისთვის" - ამბობს სასტუმრო უშბას თანადამფუძნებელი რიჩარ ბაირუგი.

როგორც ის ამბობს, პირველ ეტაპზე წიგნი, რომელიც მისი ავტორობით გამოიცა, ტურისტული მარშუტები გააერთიანა. რიჩარდ ბაერუგის ე.წ. გზამკვლევმა, რომელმაც როგორც სვანეთის ისე ზემო რაჭის ამ დრომდე არც თუ ისე ცნობილი მარშრუტებზე ინფორმაცია ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, დონორების მხარდაჭერით იბეჭდება.




ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილ პროექტ “GRETA”-ს დახმარებით, ჯამში, 120 სალაშქრო მარშრუტი ერთ წიგნში გაერთიანდა.

“ინფორმაცია არის უმნიშველოვანესი, რამაც უნდა მოიზიდოს ტურისტი სვანეთში. პროფესიულად შესრულებული გზამკვლევი, დასურათებული, რუკებით და ყველა იმ რესუსრსის აღწერით, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია მგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს მაშინ, როცა ეს გზამკვლევი ხელმსაწვდომი საზღვრებს გარეთაც იქნება", - აცხადებს ირაკლი კუცია პროექტ "GRETA"-ს მენეჯერი მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

No description available.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებულ პროექტ “GRETA” საქართველოში მაღალმთიან რეგიონებში მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის ორი მნიშვნელოვანი ტრენინგი უკვე ჩატარდა. მონაწილეები გადამზადდენენ როგორც საფეხმავლო ბილიკების მარკირების, ისე მისი მოვლა-პატრონობის ნაწილში.

ასევე პროექტის მიმდინარეობისას საფეხმავლო გიდების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადებაც მოხდა. გარდა ამისა, დონორების დახმარებით, რეგიონებში ტურიზმის სექტორში მომუშავე მეწარმეების მხარდაჭერაც ხდება.

“პროექტი “GRETA” მდგრადი სამთრო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მუშაობს. ამ კუთხით 32 მცირე და საშუალო მეწარმე გვყავს, რომელსაც მხარს ვუჭერთ. მხარდაჭერა კი გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად, ვეხმარებით თავიანთი ობიექტების აღჭურვაში, რათა ტურიტებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ", - გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი რიკარდო მონტარანარი.

ცნობისთვის, პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.