მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

6253c17322ab8
თელარა გელანტია
11.04.22 09:48
2577
თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მოსამართლეს მიმართავს. „ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!“, - წერს იზა ომაძე.

ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო უზენაესობავ! შვიდი თვე გადის იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საბჭოთა მენტალობამ, ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაგეგმა. დიახ, მათ საბჭოური მეთოდით მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ უსასტიკეს დანაშაულზე წავიდნენ! განსასჯელის სკამზე ჯერ მხოლოდ ორი მოტყუებული მკვლელი და მათი ერთი მასპინძელი ზის! ცხრა ტომიან საქმეში კი ძალიან დასაბუთებულად, ყველა მტკიცებულებით არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს. სწორედ კაველაძესაგან გახდა ცნობილი, როგორ მიატოვეს ის დამკვეთებმა გაგარინის მოედანზე დაქირავებულ ბინაში ჭელიძესთან ერთად. მათ თანამზრახველებს კი, დღეს კვალიფიკაციას რომ იმაღლებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას, ჩვენ ის ახალგაზრდები მონობისგან უნდა ვიხსნათ და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება.

12 აპრილს კი ჯერი თქვენზეა, პატივცემულო მისამართლევ; უმორჩილესად გთხოვთ, ნიკოს და-ძმების სახელით, იმ ხალხის სახელით, ვინც შვიდი თვეა ჩვენთან ერთად გლოვობს ნიკოს მოწამებრივ გასვლას ამ ქვეყნიდან. დიახ, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ტერორისტული აქტი მოუწყო ჩემს შვილს! ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!
15 სექტემბერს მარტო ნიკოსთვის არ უსვრიათ, ესროლეს ახალგაზრდების სურვილს, გააკეთონ შეუძლებელი საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის!

არ წაახალისოთ მკვლელები ისე, როგორც ამას სამი უღირსი, 30 ვერცხლად გაყიდული უფლებადამცველი ვინმე ზაზა დათუკიშვილი, ონისე ონიანი და გიორგი ტურაზაშვილი აკეთებს!

ჩვენთვის შეჩერდა დრო, მაგრამ ჟამთასვლა გრძელდება…

საშინელი ომის ფონზე, სადაც მშობლები შვილებს კარგავენ, მიჭირს ჩვენს ტრაგედიაზე საუბარი, მიჭირს საუბარი იმ დიდ პროექტებსა და წარმატებებზე, რომელიც ნიკოს ძალისხმევით ზეციდან ისევ გრძელდება და გაგრძელდება, დიახ, სიკეთით, წარმატებით და მაინც დიდი იმედით თუ დაამარცხებ ბოროტებას…“, - წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.