06.იანვარი .2020 22:08

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით საქართველოს გაასწრო

views 11357
უკან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველოს გაასწრო. ფაშინიანს აღნიშნულის დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მდგომარეობით მიმდინარე ფასებში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე $4,527-ს შეადგენდა, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი ამაზე $238 დოლარით ნაკლები, $4,289 იყო. თავდაპირველად ფაშინიანის პოსტში ეწერა, რომ სომხეთმა მშპ-ის დონით აზერბაიჯანსაც გაუსწრო, თუმცა შემდგომში აღნიშნული პოსტი შეასწორა და დაწერა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის 2019 წელს არ გაუსწრია, თუმცა IMF-ის პროგნოზით 2020 წელს გაუსწრებს. 

ნიკოლ ფაშინიანის პოსტი:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი, რომ 2019 წლის შედეგებით ჩვენ საქართველოს გავუსწარით, 2020 წელს კი აზერბაიჯანსაც გავუსწრებთ. იხილეთ ბმული. 

P.S პოსტის პირველი ვერსია არასწორი იყო, რისთვისაც მე ბოდიშს ვიხდი. ჩვენ აზერბაიჯანისთვის არ გაგვისწრია, თუმცა მომდევნო წელს მათ გავუსწრებთ,"- წერს ნიკოლ ფაშინიანი. 



სინამდვილეში გაუსწრო თუ არა სომხეთმა საქართველოს ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონით?


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი შეფასებისთვის ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების ერთ-ერთი სახე - "მშპ მიმდინარე ფასებში" გამოიყენა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შეფასების მეთოდი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყენებს, აღნიშნულ მეთოდს გათანაბრების მეთოდი ეწოდება. 

IMF ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსყიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს ანუ PPP-ს (purchase power parity). გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

PPP დოლარებში დათვლილი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, სომხეთს საქართველოსთვის არ გაუსწრია. ამასთანავე PPP დოლარებში დათვლილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სომხეთი 2020 წელს არც აზერბაიჯანს გაუსწრებს. 2019 წლის მდგომარეობით სრული სურათი ასეთია:

აზერბაიჯანი - მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $18,615;
საქართველო - მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $12,227;
სომხეთი - მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $11,083.

შესაბამისად, სავალუტო ფონდის მიხედვით, PPP დოლარებში დათვლის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის აზერბაიჯანი, მას მოყვება საქართველო, საქართველოს შემდგომ კი სომხეთია. სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის $1,144 დოლარს (PPP დოლარს) შეადგენს. 

მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის მეთოდოლოგიის საკითხი:

2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის ახალი მეთოდოლოგიის - SNA 2008-ის დანერგვა დაიწყო. მანამდე საქართველო მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდოლოგიით ითვლიდა. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შედეგად, შეიცვალა ის წესები, რომლითაც საქსტატი ცალკეულ ეკონომიკურ ოპერაციებს აღრიცხავს. ახალი მეთოდოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მშპ-ის მაჩვენებელი, რომელიც მასზე გადადის იზრდება იმასთან შედარებით, რაც წინა მეთოდოლოგიით იყო დათვლილი. 

2019 წლის 15 ნოემბერს საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით 2018 წლის გადათვლილი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედითაც საქართველოს ეკონომიკის ზომამ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა მეთოდით დათვლილ მაჩვენებელს 3.5 მილიარდი ლარით, ანუ 8.5%-ით აღემატებოდა. 

საქსტატს 2019 წლის მშპ-ის გადათვლილი მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად, ის არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცხრილში არის ასახული. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე ეროვნული ანგარიშების დათვლის SNA 2008-ის მეთოდოლოგიაზე გადავიდა სომხეთი. ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად სომხეთის მშპ-ის ზომა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემთა ბაზას (World Economic Outlook) წელიწადში ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში აახლებს. მონაცემები, რომლებიც ამჟამად არის ატვირთული ფონდის ვებგვერდზე, 2019 წლის ოქტომბერში არის გამოქვეყნებული. შესაბამისად ის საქართველოს შემთხვევაში, კვლავ SNA 1993-ის მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდი World Economic Outlook-ში მონაცემებს განაახლებს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს არა SNA 1993-ის მეთოდოლოგიით, არამედ SNA 2008-ის მეთოდოლოგიით დათვლილს გამოაქვეყნებს, მაღალი ალბათობით საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე სომხეთის მაჩვენებელს მიმდინარე ფასებშიც (Gross domestic product per capita, current prices U.S. dollars) გაასწრებს. 

სომხეთის ეკონომიკური ზრდა:

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო 2-3 წელიწადში სომხეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ნომერ პირველი ქვეყანა გახდა. მაგალითად, 2017 წელს სომხეთის ზრდამ 7.5% შეადგინა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით, აზერბაიჯანის კი 0.15%-ით გაიზარდა. 

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სრული სტატისტიკა ასეთია:

2018 წელს - სომხეთში 5.24%, საქართველოში 4.72%, აზერბაიჯანში 0.97%;
2019 წელს - სომხეთში 6%, საქართველოში 4.62%, აზერბაიჯანში 2.7% (2019 წლის მაჩვენებლები IMF-ის პროგნოზს შეადგენს და შესაძლოა მომავალში შეიცვალოს).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა