მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ალავიძე: "მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ისეთი ინოვაციური პროექტების განვითარებას, რომლებსაც გააჩნიათ გლობალურ ბაზარზე რეალიზების პოტენციალი"

5d9b7b5272714
თელარა გელანტია
07.10.19 21:49
1028
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ინფლუენს ჯორჯიამ" ებრაელ ინვესტორთან, დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.


საგრანტო კონკურსში გამარჯებული პროექტი ,,ინფლუენს ჯორჯია" ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია, კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა.


„იმ ქართველ სტარტაპებს შორის, რომლებიც 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ერთ-ერთი პირველი არის წარმატებული ქართული სტარტაპი „ინფლუენსერი", რომელმაც, თავის მხრივ, ისრაელიდან მოიზიდა ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდი და მისი კერძო კაპიტალიც ჩაიდება პროექტში მოპოვებულ 650 000-ლარიან გრანტთან ერთად. ეს არის ძალიან დიდი გარღვევა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის, მას მაგალითის სახე აქვს და ვფიქრობთ, ეს მისცემს დიდ მოტივაციას სხვა სტარტაპებსაც, რომ გაზარდონ საკუთარი პოტენციალი", - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.


„მადლიერი ვარ მთავრობის, რადგან მხარს უჭერენ ინვესტორებს. გვსურს აქ ჩვენი კომპანიების განვითარების ახალი ცენტრი შევქმნათ, ჩამოვიტანოთ არა მხოლოდ ფული, არამედ ჩვენი ცოდნა, კონტაქტები, ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ კომპანია" - აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ ებრაული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელმა დავიდ ზერამ.


როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50 % - ის ინვესტირებას უცხოელი ინვესტორი განახორციელებს.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.