16.ნოემბერი .2019 12:40

ნიკოლოზ ალავიძე "რასელ ბედფორდის" საქართველოს ოფისის პრეზენტაციას დაესწრო

views 269
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის "რასელ ბედფორდის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კომპანია დააარსა. პრეზენტაციისთვის საქართველოს "რასელ ბედფორდ ინტერნეიშენელის" აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ჰამლეტი ეწვია. 

"ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სახელის მქონე კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, რაც მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელიც მსოფლიოს 100 - ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ნდობას მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მეორეც, "რასელ ბედფორდის" შემოსვლა გაზრდის კონკურენციას, ადგილობრივ მომხმარებელს კი მისცემს უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მეტ ქართველ სპეციალისტს მიეცემა შესაძლებლობა, დასაქმდეს ასეთ კომპანიაში და აიმაღლოს კვალიფიკაცია და რაც მთავარია, "რასელ ბედფორდის" საერთაშორისო პარტნიორებისთვის მის მიერ თბილისში ოფისის გახსნა არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო და მომგებიანი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

საერთაშორის კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ორი ქართული აუდიტორული კომპანიის "ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგისა" და "ათოსის" შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.

"რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" დაფუძნებულია 1983 წელს და ის შედის მსოფლიოს წამყვან საბუღალტრო და აუდიტორულ ქსელებში. "რასელ ბედფორდი" ევროპის, ამერიკის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. "რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" IFAC ფირმების ფორუმის სრული წევრია. მას აქვს მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებული ხარისხის კონტროლის პროგრამა და ნაკისრი აქვს ვალდებულება გამოიყენოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ "რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" წარმოადგენს ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნეს-კონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალურ ქსელს, რომელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან და საერთაშორისო პროფესიონალურ მომსახურებასთან.

პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო "რედისონ ივერიაში" გაიმართა, ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა