მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე ასახელებს 3 მიმართულებას, რაზეც $25 მილიონი მიიმართება

5eba6a8da0040
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 19:45
1182
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაამტკიცა $25-მილიონიანი სასესხო დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე უმსხვილესი ჰოლდინგისთვის - “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის”.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დაფინანსება კომპანიას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ლიკვიდობის მყარი პოზიციები და დააფინანსოს ის გადაუდებელი საჭიროებები, რაც ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიამ წარმოშვა.

“სესხი არის ორწლიანი, ის განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისთვის და არ მაქვს უფლება დავასახელო საპროცენტო განაკვეთი, ის ამ ტიპის სესხებისთვის უპრეცედენტოდ დაბალია,” - განაცხადა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CEO-მ. 

3 მიმართულება, რაზეც "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" მოზიდულ თანხას მიმართავს:

"სამი ძირითადი მიმართულებაა, ერთია უშუალოდ საბრუნავი კაპიტალის, ეს არის ძირითადად ფარმაცევტული საშუალებებისა და მედიკამენტების მარაგების შექმნა. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ უბრალოდ ექსპორტი დაკეტა. შესაბამისად, ჩვენც უნდა მოვმზადებულიყავით. ჩვენმა კომპანიამ 30-40 მილიონი ჩაასხა საბრუნავ საშუალებებში, რათა ქვეყანაში შექმნილიყო საკმარისი მარაგი, როგორც ჰოსპიტალური სექტორისთვის, ასევე საცალო სექტორისთვის.

მეორე მიმართულებაა ჩვენი 6 ჰოსპიტლის მომზადება და გადაიარაღება, COVID-19-ისთვის. დღესდღეობით, ჩვენი ორი ჰოსპიტალი ჩართული არის ცხელების ცენტრის სახით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტი არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, სრული მზაობა არსებობს ამისთვის, რათა 48 საათში გადავცეთ და ვაფუნქციონიროთ 600 საწოლი.

მესამე მიმართულებაა დიაგნოსტიკური მიმართულების გაძლიერება. ჩვენმა ლაბორატორიამ დაიწყო უკვე როგორც დიაგნოსტიკური ტესტირება, ასევე, PCR ტესტირება COVID-19-ზე და საკმაოდ აქტიურები ვართ ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა კი გუშინ განაცხადა, რომ ბანკი მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე წამყვან კომპანიას.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სჯჯ) ჩვენი დიდი ხნის კლიენტია და მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ მის საქმიანობას. მყარი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ დროში და ამ პროექტით ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ადამიანებში, სიცოცხლის გადარჩენასა და მომავალში,” - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

“საქმიანი დილის” ეთერში ნიკოლოზ გამყრელიძემ ასევე ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომელიც GHG-ის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან შეექმნა და რის გამოც, მათ დღემდე შეზღუდული აქვთ, “საქართველოს ბანკისგან” სასესხო დაფინანსების მიღება. აღნიშნული საკითხის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “ევექსის ჰოსპიტალებს”, “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” აერთიანებს.

ნიკოლოზ გამყრელიძე "საქმიან დილაში"