მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე “საქართველოს კაპიტალის” CEO აღარ გახდება, მან GHG-იც დატოვა

62e3f88ff24a7
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 19:11
8784
ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან “საქართველოს კაპიტალის” CEO აღარ გახდება - ამის შესახებ განცხადება “საქართველოს კაპიტალმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორის პოსტიც დატოვა. ამ თანამდებობაზე ირაკლი გოგია დაინიშნა.

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან ირაკლი გილაური “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებდა და ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნებოდა, თუმცა დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს ცვლილება აღარ მოხდება.

BMG ლონდონის ბირჟაზე გამოცხადებული ინფორმაციის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს და დროს საკუთარ ოჯახს დაუთმობს.

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ. ცოტა ხანი დავისვენებ,”- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

გამყრელიძე “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” გასული 7 წლის განმავლობაში მართავდა.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" "საქართველოს კაპიტალის" საინვესტიციო ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, თავად "საქართველოს კაპიტალი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამჟამად კომპანიის აქცია 6.30 გირვანქა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 283.68 მილიონი გირვანქა სტერლინგია. 2022 წლის იანვარში ჯგუფმა მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი, GWP-ის საკონტროლო წილი ესპანურ "აქვალიაზე" გაასხვისა. 

“საქართველოს კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

“ცვლილებებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლის მაისში (როგორც აქამდე იყო დაანონსებული). „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭო დროულად გამოაცხადებს დამატებით განახლებას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. ირაკლი გილაური, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, 2023 წლის მაისამდე, რჩება კომბინირებულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

„ნიკოლოზ გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში. მან შექმნა შესანიშნავი ბიზნესი, რომელსაც აქვს საუკეთესო საოპერაციო სერვისი, რომელიც არის თანამიმდევრული, მომგებიანი და ორიენტირებული ზრდაზე. ის ასევე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში გლობალური პანდემიის მართვაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული მიღწევებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საუკეთესო გუნდი, რომელიც მან შექმნა და განავითარა. GHG-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს ირაკლი გოგია, რომელიც სწორედ ამ გამორჩეული გუნდის წევრია“- განაცხადა „საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა.

„ჩემითვის პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, მთელი მისი წარმატებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი გოგიას და მთელ გუნდს“- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.