მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ზაფხულის მოვლენების გამო ინვესტორებმა ინვესტიციის შეჩერება გადაწყვიტეს

5d7b7c183364a
ლიკა გურაბანიძე
14.09.19 17:20
928
"როდესაც ჩვენ საინვესტიციო გარემოზე ვსაუბრობთ, ამას ბევრი მდგენელი აქვს, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, სამართლებრივი და ა.შ", - ამის შესახებ ლუდის კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა მეორე კვარტალში FDI-ს 54%-იან კლებაზე კომენტირებისას განაცხადა.

"FDI-ს კლება შესაძლოა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში, შესაძლოა, გლობალურ პროცესებთან.  შესაძლოა, პირობითად, რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ნულზე ქვემოთ იყოს, მაგრამ ინვესტიციები ხორციელდებოდეს. დემოკრატია ინვესტიციების შემოდინებასთან პირდაპირპროპორციული არ არის. ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს - რა მოლოდინები გვაქვს, როგორი კავშირები გვაქვს, იმ მომენტში საინვესტიციო გარემოს სოციალური ურთიერთობებიც კი განსაზღვრავს", - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

მისი განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა ზაფხულში რუსეთთან განვითარებულმა მოვლენებმაც მოახდინა.

"მიმდინარე მოვლენები, რომელიც საქართველოში ზაფხულში განვითარდა, ასევე რუსეთთან ურთიერთობა, ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან შეზღუდვების დაწესება, გარკვეული კუთხით მოლოდინებზე აისახა და ინვესტორმა გადაწყვიტა, იქნებ ინვესტიცია შეაჩეროს.

ამ შემთხვევაში ჩვენ ახალ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და არა ძველი ინვესტიციების გაგრძელებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა 187 მლნ დოლარამდე შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.