მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა": COVID-19-მა არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა

5e97159ec28c6
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.20 10:15
1828
სს "ნიკორას" გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი COVID-19-ის გავლენას აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ნიკორა ჰოლდინგის არცერთ შვილობილ საწარმოში პროდუქციის წარმოება არ შეფერხებულა და ახლაც უწყვეტად მიმდინარეობს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი ბოქოლიშვილი აცხადებს, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების შემოღებამ კომპანიის დანახარჯები გაზარდა. ამავე დროს, ეროვნული ვალუტის სწრაფმა გაუფასურებამ მათზე საგრძნობლად იმოქმედა.

"არ დაგვიხურავს არცერთი სუპერმარკეტი. ვასრულებთ ჩვენს ძირითად მოვალეობას და უზრუნველვყობთ სამომხმარებლო ბაზარს, როგორც ჩვენი წარმოებული, ისე სხვა მომწოდებლების პროდუქციით, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით პრობლემები.

COVID 19-მა არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა: მნიშვნელოვნად შემცირდა რეალიზაცია და ამავე დროს, გაიზარდა ხარჯები, ასევე მძიმე ტვირთად დაგვაწვა ლარის დევალვაცია, რადგან ნედლეულის 80% იმპორტირებულია. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა ჩვენი ზომის კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, ჩვენს მიერ წარმოებულ არცერთ პროდუქტზე ფასები არ გაგვიზრდია და არც უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ ამ ნაბიჯის გადადგმას.

მუშაობა გვიწევს დაძაბულ რეჟიმში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ვუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს. ყოველი ახალი რეგულაციის შემოღებისას ოპერატიულად ხდება გადაწყობა, რეგულაციები კი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მუდმივად იცვლება", - უთხრა BM.GE-ს სს "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა.

მომხმარებელთა ქცევის შეფასებისას ირაკლი ბოქოლიშვილი ამბობს, რომ პანიკით შექმნილი აჟიოტაჟური მოთხოვნის შემდეგ, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი სხვებთან ერთად, ტურისტული ნაკადების კლება და HoReCa ბიზნესის გაჩერებას ასახელებს.

"საზოგადოდ რეალიზაციები შემცირებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დღეს, რომელიც ხასიათდებოდა პანიკით გამოწვეული აჟიოტაჟური მოთხოვნებით. ამის რამდენიმე მიზეზია:

პანიკური შესყიდვებისას მოსახლეობამ შეიქმნა გარკვეული სასურსათო მარაგები და შესაბამისად, მომდევნო პერიოდში შესყიდვების საჭიროება გაუქრა; 

თითქმის ჩვენი ყველა მაღაზია ფუნქციონირებდა 24 საათიან რეჟიმში, ხოლო კომენდანტის საათის დაწესებიდან გამომდინარე, მოგვიწია სამუშაო საათების განსაზღვრა - 09.00-19.30; 

განულდა ტურისტული ნაკადი, დაიკეტა სასტუმრო-კაფე-რესტორნები და შესაბამისად, აღარ არსებობს ამ სექტორიდან არსებული შემოსავლები;

მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ან სრულად, ან ნაწილობრივ დაკარგა შემოსავლების წყარო - რამაც ნეგატიურად იმოქმედა მათ მსყიდველობით უნარიანობაზე", - განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ "სამწუხაროდ, ყველა ის სიახლე, რასაც წელს ვგეგმავდით, დროში გადაიწევს. დღევანდელ დღეს პრიორიტეტულია ადეკვატურად ვუპასუხოთ ყველა არსებულ გამოწვევას".