მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ჯანგირაშვილი: ვუერთდები TV "პირველის" "ჩელენჯს"-როდის იხდიან სხვა ტელევიზიები მილიონებს?!

5e27f4e292c96
ინგა მურუსიძე
22.01.20 11:16
4346
ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გეგმავს, რომ ტელევიზიების მიერ მილიონების გადახდასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ვალების დაფარვა არ მოხდება, კონკურენციის სააგენტოს შემდეგ ჯანგირაშვილი გეგმავს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არავინ გვაპატიებდა გადასახადების გადაუხდელობას, ინკასომ ნაწილი ჩამოგვაჭრა და დარჩენილ დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მივმართე წერილით, რომ 1 წელზე გადაენაწილებინა დავალიანება. ღიად, გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში გავაკეთე ყველაფერი და შანსი არ იყო, არ დაეკმაყოფილებინა. გრაფიკი გამიკეთეს 1-წლიანი, ვიხდი გადანაწილებულ დავალიანებასაც და მიმდინარესაც, მაგრამ ამ დრომდე არ მსმენია არაფერი, თუ რას აკეთებენ დიდი ტელევიზიების მილიონებიან დავალიანებებთან დაკავშირებით. დღესასწაულები იყო და არ მინდოდა საზოგადოება ჩვენი მოთქმა-გოდებებით დაგვეღალა.

ვუერთდები ვატოს (ვახტანგ წერეთლის) ჩელენჯს და მივმართავ სამინისტროს მეც - გვიპასუხონ, როდის იხდის „რუსთავი2“ და „მაესტრო“ მილიონებს. მინისტრი ჩვენთან ხომ იყო ძალიან პრინციპული - დავალიანებები უნდა გადავიხადოთო, კი ბატონო, ველოდებით. საოცრება ის არის, რომ ახალი რაღაცის დაწყება მინდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, ვიდრე დავალიანება არ გადავიხადე, ვერც სტუდია გავაკეთე, ვერც ვერაფერი, ხოლო „იმედი“ ამ მომენტშიც ყიდულობს ახალ, ძალიან მაგარ და ძვირადღირებულ ტექნიკას“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

„კავკასიის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ „ივანე მაჭავარიანს ამ შემთხვევაში არავინ არაფერს ეკითხება და ყველაფრის ადრესატი სინამდვილეში არის ბიძინა ივანიშვილი“.

„ივანიშვილი ძუნწი კაცია, არ უნდა ბიუჯეტს გადაუხადოს ფული, თორემ აიღებდა თანხას და დაუფარავდა ამ დავალიანებებს. მე ვაპირებ და ალბათ “TV პირველიც“ შემომიერთდება, უბრალოდ ჯერ არ მისაუბრია ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალობაა, ვაპირებ კონკურენციის სააგენტოს მივმართო, რადგან პირდაპირ ირღვევა კონკურენციის შესახებ კანონი. ეს ალბათ ფორმალური იქნება, თუმცა მერე დავიწყებ სამართლებრივ დავას, რადგან ბოლო ინფორმაციით, რაც მე მაქვს, ისევ აპირებენ, რომ 10-წლიანი გადანაწილება გააკეთონ, რაც ჩუქებაა ფაქტორბივად, გაუკეთონ 1-2 წლიანი გადანაწილების გრაფიკი. გვითხრან ტელევიზიებმა რას აპირებენ“, - აცხადებს ჯანგირაშვილი.