16.დეკემბერი .2020 22:43

ნინო ზამბახიძე: ვერაფრით შევაქებ სახელმწიფოს, რომ ყურძენი დაასუბსიდირა

ნინო ზამბახიძე: ვერაფრით შევაქებ სახელმწიფოს, რომ ყურძენი დაასუბსიდირა
views 637
უკან

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო.

ლევან დავითაშვილი მისი უწყების ერთ-ერთ წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ შექმნილა, საჭიროების შემთხვევაში კი მათ სუბსიდირების პროგრამები აამოქმედეს.

როგორც ცნობილია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 300 მილიონი ლარი მობილიზდა. სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირების გზით 172 ათასზე მეტმა ფერმერმა სუბსიდიის სახით 30 მლნ ლარზე მეტი მიიღო. წელსვე რთველის სუბსიდირებაზე დახარჯულია 51 მლნ ლარამდე.

წელი საკმაოდ დატვირთული იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული სუბსიდიებით. სახელმწიფომ ჯერ სამომხმარებლო პროდუქტები, შემდგომ ხორბლის იმპორტი, რთველი და ვაშლის რეალიზაცია დაასუბსიდირა, ახლახანს კი სამრეწველო პურის ფქვილის სუბსიდირების მექანიზმი ამოქმედდა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე bm.ge-სთან სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს, თუმცა ის, რის გამოც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი მხრიდან კრიტიკას იმსახურებს, არაპანდემიის პირობებში რიგი მიმართულებით განხორციელებული სუბსიდირების მექანიზმია.

„შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ როდესაც პანდემია დაიწყო, როდესაც გავაკეთეთ შეფასება ფერმერებთან თუ რა გამოწვევის წინაშე იდგნენ და კვლევა მივაწოდეთ სამინისტროს, ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული იყო ყველა ის მოთხოვნა, რაც ჰქოდათ ფერმერებს. რა თქმა უნდა, გამოწვევა ბევრია, რადგან ბევრი იყო მზად სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის, რადგან იცოდნენ, რომ ეს სექტორი მზარდი იყო, თუმცა მათ მოუწიათ დახურვა და მათი სარეალიზაციო ბაზრები ფაქტიურად დაიხურა, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დავივიწყოთ, რომ წელს იყო უპრეცედენტო ექსპორტი.

მაგალითად ატამი რომ ავიღოთ, ექსპორტი ასეთი მზარდი და ძვირი არ ყოფილა არასდროს, ამიტომ მე ვფიქრობ, გამოწვევა ბევრი აქვს მცირე და საშუალო მეურნეობებს: ეს არის ბაზართან წვდომა, ეს არის ფინანსურ კაპიტალთან წვდომა. საოჯახო მეურნეობები, მარნები დაზარალდა.

ვფიქრობ, ამის გამოსავალი არის უფრო მეტი ძალისხმევა როგორც სახელმწიფოდან, ისე დონორი ორგანიზაციებიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, სახელმწიფო რესურსი შეუზღუდავი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად და მიზანმიმართულად იყოს თანხები ინვესტირებული, საგრანტო კომპონენტი იქნება თუ სუბსიდია, სწორად იყოს გამოყენებული.

ვერაფრით შევაქებ სახელმწიფოს იმისთვის, რომ ღვინის და ყურძნის სუბსიდია გააკეთეს, იმიტომ, რომ მაგ ლოგიკით ყველა დარგს სჭირდება სუბსიდია. ვფიქრობ, არის დრო გამოვიდეთ ამ სუბსიდიის სქემიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა მექანიზმები არსებობდეს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს, მაგალითად ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, განათლება, საერთაშორისო ბაზარზე დივერსიფიცირება და არა ჩამოკიდება რუსეთის ბაზარზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ანუ არის სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

თუმცა, მანვე დასძინა რომ პანდემიის გამო სუბსიდირებას ემხრობა, სხვა შემთხვევაში კი არა. მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუბსიდირებაზე მაშინაა საუბარი, როდესაც არჩევნების პერიოდი მოდის.

"დღეს მნიშვნელოვანია ხორბლის სუბსიდირება, რადგან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს პურის ფასი არ გაეზარდოს. ამ შემთხვევაში ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები არაპანდემიის პირობებში გაწეულ სუბსიდირებას.

სახელმწიფო უნდა აწყობდეს ინფრასტრუქტურას, უზრუნველყოფდეს კაპიტალზე წვდომას და ის, რომ დღეს ჩვენ ვასუბსიდირებთ, ამით შვებას არ ვაძლევთ ადამიანებს, არამედ დათვურ სამსახურს ვუწევთ. კარგია „დანერგე მომავალი“, ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია შემნახველი მეურნეობები, მექანიზაცია, მაგრამ უნდა არსებობდეს კარგი ეკოსისტემა ბიზნესისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს და სახლმწიფო უნდა გაეცალოს ამას“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა