მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინოწმინდაში კომპიუტერის სწავლების წრეებზე კომპიუტერები არ აქვთ - აუდიტის ანგარიში

60505278c5cd0
ინგა მურუსიძე
16.03.21 12:56
1049
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში შექმნილია კულინარიის და კომპიუტერის შემსწავლელი წრეები, მაგრამ ააიპ-ს კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არა აქვს - აღნიშნული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმადვე, 2018-2019 წლებში ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 112 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც აუდიტში წერია, დებულების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შექმნილი ა(ი)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებას, ძირითადად, ბავშვებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება ევალება.

„ა(ა)იპ-ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი – კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები. აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი.

გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.