მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიუ ჰოსპიტალსი": კარგი კლინიკები დავიკეტებით…

5dd5238784bba
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 15:27
13734
საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე მსჯელობენ, სიტყვით „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელი გიორგი რამიშვილი გამოვიდა.

კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

ამავე პოზიციაზეა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელი. გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დათვლილ ტარიფებში არ არის გათვალისწინებული ამორტიზაციისა და სხვა არაპირდაპირი ხარჯები, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

„აქ შეკრებილი ვართ საავადმყოფოები, რომლებიც ძალიან ვცდილობთ, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ პაციენტებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჯდება. მინდა გითხრათ, რომ როდესაც გაანგარიშებები დგება, უხშირესად ყურადღება არ ეთმობა ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული ამორტიზაცია. ყველა ეს მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რასაც ვყიდულობთ, ძველდება და გადასაყრელი ხდება რამდენიმე წელში.

მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი "კატლაბი" და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო. ამ ფულს ჩვენ ვდებთ სტანდარტში იმისთვის, რომ ჩვენი ოპერირება იყოს მდგრადი.

თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, ჩვენ დავიკეტებით. ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ სესხი თუ ავიღეთ და მარტო ამ სესხს მოვემსახურეთ, ვერ განვითარდება მედიცინა. კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპრი ხარები სწორად გავთვალოთ”,- აცხადებს გიორგი რამიშვილი.