მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს მიენიჭა

6343f8b3006ed
გიორგი თოლორდავა
10.10.22 14:52
8021
2022 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს, ბენ ბერნანკეს, დაგლას დაიმონდსა და ფილიპ დიბვიგს მიენიჭა.

68 წლის ბერნანკე აშშ-ის ფედერალური რეზერვს 2006-2014 წლებში ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი ის ბრუკინგსის ინსტიტუტში ასწავლის. დაგლას დაიმონდი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორია; ხოლო დიბვიგი ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწეობს.

კომისიის განმარტებით, ზემოხსენებული მეცნიერების მიერ 1980-იან წლებში გამოქვეყნებულ ერთობლივ ნაშრომს კრიზისის პერიოდში საბანკო-საფინანსო სექტორის ფუნქციონირების შესახებ „ფასდაუდებელი“ გავლენა და წვლილი ჰქონდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსა და 2020 წლის პანდემიურ პერიოდში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იანი წლების „დიდი დეპრესია“ შეისწავლეს, საიდანაც რამდენიმე საინტერესო მიგნებამდე მივიდნენ. ბერნანკეს მტკიცებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო „დიდი დეპრესია“ ასეთი ხანგრძლივი, მოსახლეობის მიერ ბანკებიდან დეპოზიტების უჩვეულოდ მაღალი ტემპით გატანას უკავშირდებოდა.

საპატიო წოდების გარდა, პრემიის ლაურეატები ჯილდოს სახით 10 მილიონ შვედურ კრონასაც ($883,000) მიიღებენ.

ცნობისთვის, მიზეზობრივი კავშირის მეთოდოლოგიურ ანალიზში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გასულ წელს ნობელის პრემია დევიდ კარდიმ, ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა მიიღეს.

ე.წ. ბანკირების პრემია შვედეთში 1969 წლიდან გაიცემა, მისი დაარსება კი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან. პრემიის ოფიციალური სახელწოდებაა „ალფრედ ნობელის სახელობის, შვედეთის რისკბაკის პრემია ეკონომიკის დარგში“.

აღსანიშნავია, რომ ალფრედ ნობელის ანდერძით ეკონომიკის დარგში პრემიის გაცემა არ იყო გათვალისწინებული, თუმცა ის ამჟამად იგივე პრინციპით გაიცემა, როგორც სხვა კატეგორიებში, თუმცა ძირითადი განსხვავება ის არის, რომ პრემიის ლაურეატებს სპეციალისტთა მცირე წრე ადგენს, გამარჯვებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ეკონომიკის დოქტორია (PhD).