მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებში ინვესტიციები გასამმაგდა და $36 მლრდ-ს მიაღწია

5fce4c7a55187
BM.GE
07.12.20 19:38
861
საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი განვითარებადი ბაზრების მიმართ გაზრილია. Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, სწორედ ამიტომ რეგიონის ფასიანი ქაღალდებში დასავლურმა ინვესტიციებმა იმატა, რასაც ამ ქვეყნებში არსებული უფრო მაღალი რისკ-პრემიაც უწყობს ხელს. უკანასკნელი მონაცმებით, ინვესტორებმა მხოლოდ ნოემბერში განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებში $36.7 მილიარდის ინვესტიციები განახორციელეს, რაც ოქტომბერთან შედარებით სამჯერ მეტია. 

"ნოემბერი რეგიონის ობლიგაციებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა. ვაქცინების შესახებ გავრცელებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, გაიზარდა ინვესტორების ინტერესი მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართაც. საერთაშორისო ფინანსთა ინსტიტუტის (IIF) ანგარიშის მიხედვით ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებადი ბაზრების მიმართულებით კაპიტალის ნაკადების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ობლიგაციებში ინვესტიციებმა ნოემბერში $36.7 მლრდ შეადგინა, რაც ბევრად აღემატება ოქტომბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს ($ 11.7 მლრდ).

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) უახლესი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით პანდემიის ფონზე ევროზონის ეკონომიკების აღდგენა სუსტი და არასტაბილური იქნება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტორებს მაღალრისკიან აქტივებში ინვესტირებისკენ უბიძგებს. ანგარიშის მიხედვით, კომპანიების რიკსების ზრდის მიუხედავად საკრედიტო სპრედები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა.

ნოემბრის დასაწყისში თურქეთის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯერ პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ხოლო მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი (რომელიც ერდოღანის სიძე იყო). ინვესტორებმა ეს სიახლე დადებითად მიიღეს, რის შედეგადაც ლირამ გამყარება დაიწყო. ამასთან, ახალმა მთავარმა ბანკირმა საპროცენტო განაკვეთი 4.75 პუნქტით 15%–მდე გაზარდა.

პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 6.7%-ით გაიზარდა და G20-ის ყველა ქვეყანას აჯობა. კრიზისთან გამკლავება ძირითადად ფისკალური სტიმულის (მშპ-ს 12.8%) და საბანკო კრედიტის მკვეთრმა ზრდამ (41.5% წ/წ) გამოიწვია, რასაც ხელი არატრადიციულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო.

ინვესტორთა ოპტიმიზმის ფონზე, რეგიონის ვალუტების უმეტესობა ნოემბერში გამყარდა დოლარის მიმართ. თურქული ლირა უპირობო ლიდერია (გამყარდა 6.2%-ით), ასევე გამყარდა რუსული რუბლი (3.9%). რეგიონის ვალუტებს შორის ნოემბერში მხოლოდ ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა.

რეგიონის ობლიგაციებს შორის BELARUS 23 იყო ნოემბერის თვის ლიდერი. ევრობონდზე შემოსავლიანობა ნოემბერში 221სპ-ით დაეცა და 5.2% შეადგინა. რეგიონის სვა ობლიგაციებიდან აღსანიშნავია TURKEY 21, რომლის შემოსავლიანობა ნოემბერში 183სპ-ით შემცირდა და 2.7% შეადგინა, რაც თითქმის 6-თვიანი მინიმუმია. ასევე კარგი შედეგი აჩვენა უკრაინის ევრობონდმა, რომლის შემოსავლიანობაც 132სპ-ით შემცირდა. აზერბაიჯანულ და სომხურ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა ნოემბერში შესაბამისად, 105სპ და 110სპ-ით შემცირდა. სხვა სახელმწიფო ევროობლიგაციების მიმართ ნოემბერში ბაზრის განწყობები დადებითი იყო და შემოსავლიანობა 18-77სპ-ის შუალედში შემცირდა.

ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის ნოემბერში GOGC-მ აჩვენა საუკეთესო შედეგი, შემოსავლიანობა 200სპ-ით შემცირდა. კარგი შედეგი აჩვენა ასევე BOG 23-მა, რომლის შემოსავლიანობა 98სპ-ით შემცირდა. სხვა კორპორატიულ ობლიგაციებზე ნოემბერში შემოსავლიანობა 25-63სპ-ის შუალედში შემცირდა,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.