მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ნავთობის ფასები არსებითად არ შეიცვლება

6373dbf4c46af
ეგნატე შამუგია
16.11.22 21:35
6259
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. ამგვარმა გარემოებამ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. მიმდინარე პერიოდში მაკროეკონომიკური გარემოც გაუარესებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება, რაც წინა პერიოდის პროგნოზით 2.9% იყო. მომდევნო წელს უმსხვილესი ეკონომიკების - აშშ და ევროზონის მხოლოდ 1.0% და 0.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ნავთობზე მოთხოვნის მოლოდინების შემცირებას ნიშნავს, ვიდრე ეს ადრეული პროგნოზებით იყო მოსალოდნელი.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ ნოემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 93.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით უცვლელია. თუმცა, უფრო ადრეულ პერიოდთან შედარებით პროგნოზები შემცირებულია, რაც ნავთობის მარაგების ზრდის შედეგი იყო. 2022 წლის მესამე კვარტალში ნავთობის მარაგები დღეში საშუალოდ 0.8 მლნ ბარელით გაიზარდა, რაც ბოლო კვარტალში საშუალოდ 0.2 მლნ ბარელია. თუმცა, მომდევო წლიდან მაგარების შემცირების პროგნოზია. კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია მარაგების დღეში საშუალოდ 1.2 მლნ ბარელით შემცირებას ვარაუდობს. ამდენად, უკვე მომდევნო წლის პირველი კვარტლისთვის ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე საშუალო ფასის 93.7 აშშ დოლარამდე ზრდაა ნავარაუდევი, ხოლო წლის ბოლო კვარტლისთვის 97.7 აშშ დოლარია მოსალოდნელი.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

ოქტომბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 93.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც სექტემბრის ფასს ბარელზე 3.6 აშშ დოლარით აღემატება. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით ოქტომბერში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.6 დოლარით ნაკლები იყო. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ბარელზე ფასი საშუალოდ 100.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. ამდენად, ბოლო სამი თვეა ნავთობის ფასები შედარებით დაბალია, რადგან ივლისში ბარელზე საშუალო ფასი 111.9 აშშ დოლარი იყო, ხოლო ივნისში კი - 122.7 აშშ დოლარი. ივნისში კი შედარებით მაღალი ფასები ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების დაანონსებას და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდებოდა.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით მეტია. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 9.9 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის ოქტომბერში ნავთობის საშუალო ფასი 83.5 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის სექტემბერში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 74.5 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 89.8 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, სექტემბერში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა შედარებით მეტი, 20.5% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის უფრო დაბალი ნიშნულია მოსალოდნელი. 2022 წლის ბოლო კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 93.1 აშშ დოლარია პროგნოზირებული. ნოემბერსა და დეკემბერში ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე ფასი საშუალოდ 93.0 აშშ დოლარი იქნება. თუმცა, მომდევნო წლიდან ფასების ზრდა ნავარაუდევი. ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის პროგნოზით წლის პირველ ნახევარში ბარელის საშუალო ფასი 93.8 აშშ დოლარია, ხოლო მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი 96.8 აშშ დოლარამდე გაიზარდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და პროგნოზები გართულებული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.6 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელისგან არ განსხვავდება. თუმცა, სექტემბრის მოხმარების დონესთან შედარებით დღეში საშუალოდ 0.5 მლნ ბარელით ნაკლები იყო. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 0.6 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6.8 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის ოქტომბერში საშუალო დღიური მოხმარება 92.8 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის ნოემბრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 101.1 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.2 მლნ ბარელით მეტია. კვარტალურ ჭრილშიც ზრდაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.1 მლნ ბარელით მეტი, 101.0 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 7.2 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება.

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.66 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით უცვლელია. მომდევნო წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.65 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მესამე კვარტალში საშუალოდ 10.92 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დღიური წარმოება 10.76 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.03 მლნ ბარელით აღემატება. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. 2023 წლის პირველი კვარტლისთვის რუსეთის მიერ მოპოვების საშუალო დღიური მაჩვენებელი 9.41 მლნ ბარელით არის მოსალოდნელი, მაგრამ ამ მხრივ განუსაზღვრელობა კვლავ მაღალია - თუ როგორ იმოქმედებს ევროკავშირის მომავალი სანქციები სავაჭრო ნაკადებზე და რუსეთში ნავთობის მომწოდებლების უნარზე, იპოვონ ალტერნატიული გადაზიდვის შეთანხმებები და მყიდველები.