15.ოქტომბერი .2019 11:35

ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსებს მერია ქიმწმენდის ვაუჩერებს უფასოდ სთავაზობს

views 605
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსებს ქიმწმენდის ვაუჩერების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შესახებ კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ტაქსების რეფორმის შეფასებისას და ამ მხრივ დაგეგმილი ეტაპების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ისე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.

თქვენ უკვე ხედავთ დედაქალაქში, როგორ მომრავლდა თეთრი ფერის ტაქსები. მინდა ერთი სიახლე შევატყობინო A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - პირველი ნოემბრიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ დამატებით ქიმიური სალონის, წმენდის ვაუჩერი მიიღონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე.

ტაქსის ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ ვაუჩერს გამოიყენებს და მათ არაფერი აქვთ გადასახადი, უბრალოდ უნდა მობრძანდეს, ეს ვაუჩერი მიიღოს და მათ საჩუქრად "ვიანორის" 20%-იანი ფასდაკლების ბარათები გადაეცემათ.

მომდევნო ეტაპზე ვაპირებთ კონტროლის მექანიზმის შექმნას, რომ ტაქსები შიგნით მოწესრიგებული იყოს და ადამიანმა, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება.

"ტაქსების რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. პირველი დღეების განმავლობაში გქონდა გარკვეული პრობლემები ტაქსების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა ქალაქში, მგზავრებზე აისახებოდა და ამ ყველაფერმა გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია", - აღნიშნა მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა