მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნოკიას“ შემდეგ „ნესტლე“ - ეკონომიკის მინისტრი ინვესტორებთან ონლაინ შეხვედრებს განაგრძობს

5eecd79375a2d
თელარა გელანტია
19.06.20 19:17
3365
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან გამართა. მსგავსი ფორმატის შეხვედრა გუშინ „ნოკიას“ წარმომადგენლობასთანაც შედგა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობდა. ნათია თურნავას უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მოლაპარაკებებს 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან მართავენ, რათა მათ საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობები გააცნონ და მიმზიდველი საინვესტიციო პირობები შესთავაზონ.

„ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს გლობალურ ბრენდებთან, მსხვილ კომპანიებთან, ვისაც, ვფიქრობთ, რომ შეიძლება წარმოების საქართველოში გადმოტანის ან ახალი წარმოებების განვითარების სურვილი გაუჩნდეს. დღეს „ნესტლეს“ რეგიონულ დირექტორს ვესაუბრეთ და გავაცანით საქართველოს შესაძლებლობები და უპირატესობები, რომლითაც ისინი შეძლებენ, ისარგებლონ, თუკი გარკვეულ წარმოებებს გადმოიტანენ,“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, „ნესტლეს“, სხვა პოტენციური ინვესტორების მსგავსად, რომლებიც პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში საქართველოში შემოსვლას და ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტენ, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

ნათია თურნავას განცხადებითვე, „ნესტლესთან“ თანამშრომლობის პერსპექტივებზე შემდგომი მოლაპარაკება სამუშაო პროცესში გაგრძელდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს დაინტერესება შესთავაზა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება იყო.