მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NGO-ები და დიპლომატები სტოლტენბერგს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას სთხოვენ - მიმართვა

62b9c4bd8e5a3
მარიამ ვარადაშვილი
27.06.22 20:55
1019
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ღია წერილით მიმართავენ და საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით NATO-ს სამიტზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

“ნათელია, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა გახდეს საქართველო, რომელიც მიისწრაფის ალიანსის წევრობისკენ. დღეს, როგორც არასდროს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საჭიროა სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შეჩერდეს ომი უკრაინაში, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილებები რუსეთის შემაკავებელ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ მომავალში კრემლმა ვერ შეძლოს აგრესიული მოქმედებების განხორციელება სუვერენული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებულმა მოცემულობამ კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახადა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი.

ამ კონტექსტში საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი უნდა იქცეს გადამწყვეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად.

ეს კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და როგორც ევროატლანტიკური, ასევე გლობალური უსაფრთხოების დასაცავად.

ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭების, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.

ვფიქრობთ, რომ არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ნატო-ში წევრობა მისი უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში”,-ნათქვამია ღია წერილში.

წერილზე ხელს აწერენ:

გიორგი ანთაძე - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი;

კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;

გიორგი აბაშიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

ზვიად კირტავა - მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის მედიცინის და ჯანდაცვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

თორნიკე შარაშენიძე - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

თენგიზ ფხალაძე - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მდივანი-ყოფილი მრჩეველი;

ვლადიმერ სვანაძე - „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;

ანდრო გოცირიძე - კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი;

ნატო ბაჩიაშვილი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე;

ვახტანგ ჭარაია - პროფესორი, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პაატა გაფრინდაშვილი - დირექტორი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია;

ნოდარ ხარშილაძე - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.