მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix - რა შედეგით დასრულდა დავა?

6318756137806
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.22 14:41
1046
„ჩვენ კმაყოფილნი და მოხარულნი ვართ, რომ ეს შედეგი ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებშია და ის ძალიან კმაყოფილია“, - ეს განცხადება კინოინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია Netflix-ისა და ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმის მორიგებით დასრულების შესახებ, მოჭადრაკის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

BLB-ის მმართველმა პარტნიორმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხები არ გასცა და აღნიშნა, რომ მორიგების პრაქტიკიდან გამომდინარე, მხარებს შეთანხმების დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. მან ისიც აღნიშნა, რომ ფილმში კორექტივები არ შევა, თუმცა ღირსების შემლახველი გარემოებები შეთანხმებით აღმოიფხვრება. მან ასევე თქვა, რომ Netflix-თან მორიგების შეთანხმება კინოინდუსტრიისა და სამართლის სფეროში პრეცენდენტს წარმოადგენს.

„მინდა, მივულოცო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის გულშემატკივარს ეს შედეგი, რითაც დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის დავა მედიამაგნატ - Netflix-თან. ეს დავა საკმაოდ ეფექტიანად და მოკლე პერიოდში დასრულდა. ამ შედეგს იზიარებენ საერთაშორისო გამოცემები და მსოფლიო პრესა.

ყველა საერთაშორისო გამოცემა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამ შედეგის წინაპირობა იყო კალიფორნიის სასამართლოში ქალბატონი ნონას გამარჯვება, რა დროსაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის - Netflix-ის არცერთი არგუმენტი და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დეფამაციისგან ანუ ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას და არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან მხატვრულ ნაწარმოებში განხორციელებული დეფამაციური განცხადების გამო.

ეს იყო პრეცედენტი, რომელსაც ექნება მნიშვნელობა როგორც ამ კინოინდუსტრიაში, ასევე სამართლის სფეროსთვის.

ქალბატონმა ნონამ თავისი დაპირება მის გულშემატკივარს შეასრულა და ბოლომდე იბრძოლა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობდით ამ ბრძოლაში.

მორიგების მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა ამერიკის სააპელაციო სასამართლოდან. სასამართლომ დანიშნა ავტორიტეტული მედიატორი და სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდა მედიაციის პროცესი, რაც დასრულდა შეთანხმების მიღწევითა და გაფორმებით Netflix-თან. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო.

ეს არის მიღებული პრაქტიკა კინოინდუსტრიაში. შეთანხმების პირობები და დეტალები მკაცრად კონფიდენციალურია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება. პროფესიული ვალდებულებით შებოჭილი ვართ ჩვენ, ქალბატონი ნონა და ასევე Netflix.

ფილმში არაფერი იცვლება და რჩება როგორც არის, თუმცა როგორც აღვნიშნეთ პატივის და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა მხარეთა შეთანხმებით მოხდა“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

BLB-ის მმართველმა პარტნიორმა ისიც აღნიშნა, რომ Netflix-თან მოლაპარაკების შეთახმებით დასრულება რთული პროცესია. 

"ნამდვილად არ არის იოლი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვათ Netflix და შეთახნებას მიაღწიოთ. თუ ნახავთ პრეცენდენტებს, Netflix-ს ძალიან ბევრი დავა აქვს, თუმცა მორიგებით ძალიან ცოტა სრულდება, რადგან Netflix თავისი ინტერესების დაცვას ბოლომდე ცდილობს", - თქვა შარაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ "მიზანმიმართულად გაჟღერებულ" მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. "ნიუ-იორკ თაიმსი" კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი ფირმა BLB-ის ინფორმაციით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა განაგრძო.

„გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე“ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა 24 იანვარს სასამართლოს მხარეთა პირველი ზეპირი მოსმენის გაუქმების შემდეგ გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იურიდიული ფირმა BLB-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქეისი სამართლებრივად პრეცენდენტი იქნება მსგავს საქმეებში, რადგან განსაკუთრებით სპეციფიური საქმეა სამართლებრივად“, - აცხადებდა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე.