მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nord Stream 1-ის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა

63039448d898b
გიორგი თოლორდავა
22.08.22 18:32
1036
გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვისა და რუსული ენერგოგიგანტის Gazprom-ის მიერ Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის ფონზე, ევროპის მასშტაბით გაზის ღირებულება მკვეთრად იზრდება.

ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათზე 278 ევროს შეადგენს, რაც თითქმის 600%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (€40) შედარებით.

Gazprom-ის ცნობით, აგვისტოს ბოლოს ევროპას Nord Stream 1-ის საშუალებით გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება - საორიენტაციო პერიოდად 3 დღე დასახელდა.

Gazprom-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება და მას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული „ტექნიკური სამუშაოები“ წინასწარ არ იყო დაგეგმილი, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ეს მორიგი ძალის დემონსტრაციის შემთხვევა იყოს, რომლითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირზე ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებს.

მიწოდების შეზღუდვა 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი და ის ყველაზე დიდი დარტყმას გერმანიის ენერგოსისტემას მიაყენებს. არსებობს იმის რისკიც, რომ Gazprom-მა მიზანმიმართულად გააჭიანუროს ტექნიკური სამუშაოების პროცესი და 3-დღიანი შეფერხება ერთ კვირამდე გაზარდოს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, Nord Stream 1-ით გაზის დღიური მიწოდება 33 მილიონ კუბურ მეტრამდე აღდგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მილსადენით 167 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაა შესაძლებელი. მოცულობის დრამატულ შემცირებას Gazprom-ის წარმომადგენლობა ტექნიკურ გაუმართაობას და ტურბინების შეფერხებას უკავშირებს, თუმცა ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური გაუმართაობა არაფერ შუაშია, ამ შემთხვევაში კრემლი ბუნებრივ აირის პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ წელს „ტექნიკური სამუშაოებით“ მიწოდების შეფერხების ტაქტიკა რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა: ივნისში Gazprom-მა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეუმცირა - მიზეზად ბალტიის სადგურის დაზიანება დასახელდა; ივლისში Nord Stream 1 მილსადენი 10 დღით გაჩერდა; გასულ თვეს კი ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი ზამთრის პერიოდში ევროპას გაზის მიწოდებას კრიტიკულად შეუმცირებს.

კომპანია Gazprom-ი წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ფასების დამატებით 60%-ით მომატებას პროგნოზირებს, რაც TTF-ის ღირებულებას 360 ევრომდე გაზრდის.