მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის სახელმწიფო ფონდი რუსულ აქტივებს ყიდის

621ddfc046035
ანნა ლაპიაშვილი
01.03.22 13:40
1253
ნორვეგიის ნაციონალური საინვესტიციო ფონდი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსულ კომპანიებში მის წილებს სრულად გაყიდის. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნორვეგიის საპენსიო ფონდმაც (KLP).

ნორვეგიას მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნაციონალური ფონდი აქვს, რომელიც ჯამში $1.3 ტრილიონის მოცულობის 9000-ზე მეტი კომპანიის და 74 ქვეყნის აქციებს ფლობს.

ნორვეგიის ნაციონალური ფონდის რუსული აქტივები, რომელიც შედგება 47 კომპანიის წილებისაგან და ასევე სამთავრობო ობლიგაციებისგან, 2021 წლის ბოლოს შეადგენდა 25 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (2,83 მილიარდი აშშ დოლარი). ნორვეგიის ნაციონალური ფონდი მის რუსულ აქტივებს აქამდეც ამცირებდა, რადგანაც შარშან ამავე დროს, მისი რუსული აქტივები 30 მილიარდი კრონისან შედგებოდა.

Reuters-ის თანახმად, კომპანია, რომელშიც ყველაზე მეტი თანხა ჰქონდა ნორვეგიის სახელმწიფო ფონდს ინვესტირებული, იყო Sberbank-ი, რომლის აქციების 0.83%-ს (6 მილიარდი კრონის ღირებულებით) სწორედ ფონდი ფლობდა. ამ მაჩვენებლით, ნორვეგია Sberbank-ის რიგით მეოთხე უმსხვილესი აქციონერი იყო.

Sberbank-ის გარდა, ნორვეგიას მნიშვნელოვანი თანხები ჰქონდა ინვესტირებული Gazprom-ისა და Lukoil-ის აქციებშიც.

რაც შეეხება ნორვეგიის საპენსიო ფონდ KLP-ს, ეს უკანასკნელი რუსეთში $56 მილიონის ღირებულების აქციებს ფლობდა, თანხა Rosneft-ში, VTB; Sberbank-სა და Lukoil-ში იყო განთავსებული.

რუსულ აქტივებს ყიდიან ევროპული ბიზნესებიც, მათ შორისაა BP-იც, რომელმაც Rosneft-ში 19.75%-იანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

უკვე მეორე დღეა რუსეთში საფონდო ბირჟა დახურულია, რამდენიმე მსხვილი კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზეც ივაჭრება, სადაც გუშინ Gazprom-ის აქციები 54%-ით დაეცა, Sberbank-ის აქციების ღირებულება კი 74%-ით შემცირდა.