მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NOVA: პანდემიის მიუხედავად წლიურად გაყიდვების 10%-იან ზრდას ველით

5f1b06af977ce
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 20:00
1162
სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ პანდემიის მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებლის 10%-იან ზრდას ელოდება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა განუცხადა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ერთი თვე კომპანია თითქმის სრულად გაჩერებული იყო, თუმცა საქმიანობის აღდგენის შემდეგ ჩვეული აქტივობა მალევე დაიბრუნა და შესაბამისად წლის ბოლოს როგორ გაყიდვების, ასევე ამონაგების ნაწილში ზრდას პროგნოზირებს.

„ნოვამ მუშაობა მაისში განაახლა და 3 ივნისს გახსნა 2 ახალი მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში. ეს ჩვენთვის იყო ახალ მიმართულებაში შესვლა. ამას რა თქმა უნდა თავისი შედეგები აქვს და ის მინიმალური მოლოდინი, რაც გვქონდა გამართლდა. ამისთვის კომპანიამ აწარმოა საკმაოდ ინტენსიური სარეკლამო კამპანია. დღეს ნოვას მეგაცენტრებში მომხმარებელი 35 000 დასახელების სამშენებლო, სარემონტო, საყოფაცხოვრებო და დეკორაციული პროდუქტის შეძენას შეძლებს.

ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე საკმაოდ მასშტაბური კომპანიაა. მაისის თვეში, 2019 წლის მაისთან შედარებით, მიუხედვად იმისა, რომ სრული დატვირთვით 11 მაისიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, 3%-იანი ზრდა გვაქონდა. ივნისის თვეში ეს ზრდა დაახლობით 30%-იყო. 2020 წლის 15 ივლისის მონაცემებით, კომპანიის წლიური გაყიდვები გაუთანაბრდა 2019 წლის იგივე მონაცემს. ახლა უკვე გადავედით იმ ეტაპზე, რომ ზრდა გვაქვს დაახლოებით დღეისთვის 2%. რაც შეეხება ივლისის ივლისთან შედარებას ვფიქრობთ, რომ 22%-იანი ზრდა გვექნება.

პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ეკონომიკის გახსნის შემდგომი პროცესი საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მოლოდინი გვაქვს ზრდის როგორც რეალიზაციის, ასევე ამონაგების ნაწილში. საუბარია რეალიზაციის ნაწილში წლიური ზრდის 10%-იან მაჩვენებელზე“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

„ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა კომპანიის გაყიდვები რამდენიმე მიმართულებით გაყო და აღნიშნა, რომ სხვადასხვა განხრით მდგომარეობები განსხვავებულია.

„ჩვენი შეფასებით დეველოპმენტის მიმართულებით, როდესაც ეკონომიკური საქმიანობები აღდგა, გარკვეული პროექტები დასასრულებელი იყო, რამაც სექტორში პოზიტიური ძვრები გამოიწვია, მაგრამ ახლა ამ მიმართულებით შეინიშნება შეჩერება. მაგალითად ამ პერიოდში აქტიური სეზონისთვის ემზადებოდნენ ბათუმში, სადაც უცხოელი ვიზიტორების დასახვედრად სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ. რეალურად გარე ტურიზმის რესურსის არარსებობამ ამ სფეროზე გავლენა მოახდინა.

სახელმწიფო პროექტების შემთვევაში - პროცესები სტაბილურად გრძელდება, მოლოდინები როგორიც იყო ისეთია; რაც შეეხება დისტრიბუციას, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სამშენებლო მასალების დისტრიბუციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს, ამ ნაწილში მოთხოვნა გაზრდილია და ამას თავისი ახსნა აქვს. ჩვენი აზრით, ეს განპირობებულია იმით, რომ სახლში დარჩენილ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ყოფნის მოთხოვნა გაიზრდა და ამასთან ისინი ვერ ხარჯავდნენ სხვა სექტორებში თანხებს, როგორიც არის მაგალითად სარესტორნე ბიზნესი, გარე ტურიზმი და სხვა. შესაბამისად ამ პერიოდში აკუმულირებული თანხები მიმართეს უკეთესი გარემოს შექმნისკენ“, - განმარტავს „ნოვას“ გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, შეესაბამება თუ არა თანხობრივი ზრდა რაოდენობრივს.

„აქ ჩნდება კითხვა, რითი არის ეს ზრდები გამოწვეული. მაგალითად შარშან თუ ვყიდდით 100 მ2 გადასახურ მასალას ახლაც ამ რაოდენობით ვყიდი, თუ ეს ფასების ზრდის შედეგად გამოწვეული ზრდაა. ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა ედიშერ ხიმშიაშვილმა.