მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუ ეწყინებათ ჩვენს სომეხ მეზობლებს, მაგრამ ისინი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩამოგვრჩებიან“ - პაატა ტრაპაიძე

604375326e45b
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 16:35
986
2009 წლის შემდეგ ხუთჯერ მაინც გვქონდა მცდელობა, რომ შევსულიყავით სომხეთში, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, არაკონკურენტული სიტუაციების გამო, ვერ შევძელით, - ამის შესახებ Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა. „საკმაოდ კორუფციული გარემო იყო. ჩვენი კომპანიის პრინციპი კი არის ის, რომ სადაც კორუფციაა, არ ვიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია Caucasus Road Project-ი ერევანში ხიდს აშენებს, რომელიც სომხეთის დედაქალაქში არსებული ავტობანის ნაწილია და მეზობელ ქვეყანაში კომპანიის პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია.

„2018 წელს ცვლილებების შემდეგ ჩვენმა ერთმა სომეხმა პარტნიორმა შემოგვთავაზა, მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. თვალი არავის ჩაუკვრია ჩემთვის. 13,5 მლნ-იანი პროექტია. დასაქმებას რაც შეეხება, მთლიანად ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ, საშუალო ხელფასით $1200“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, სომხეთში ახლა საკმაოდ კონკურენტული გარემოა, და ამ ქვეყანაში ასაშენებელი კიდევ ბევრია.

„ნუ ეწყინებათ ჩვენს სომეხ მეზობლებს, მაგრამ ისინი ინფრასტრუქტურულ პროექტებში საკმაოდ ჩამოგვრჩებიან. იქ ასაშენებელია ჩრდილოეთი-სამხრეთის მთელი კორიდორი. გარდა ამისა, ვინც კი რამეს აკეთებდა საერთოდ სომხეთში, ყველა გახიზნულია რუსეთში. ჩვენ იქ კვალიფიციური შემსრულებლები ვერ ვიშოვეთ და გადავწყვიტეთ აქედან წაგვეყვანა ჩვენი პერსონალი, რომელიც გამოცდილია, იცის საქმე და დღეს 30-მდე ადამიანი მუშაობს იქ. საკმაოდ მეგობრული გარემოა, ერთადერთი სომეხი თანამშრომელი გვყავს იქ, რომელიც პროექტის მენეჯერის მოადგილეა“, - განაცხადა Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, კომპანიამ კომპოზიტური - რკინის და რკინა-ბეტონის ხიდი უნდა ააშენოს, რომლის ბურჯების სიმაღლე 18 მეტრია. პროექტის განხორციელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.