მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას, ან ნახევარს გამოვიკვლევთ - ცერცვაძე

5ea442b578a6e
დავით ჯალაღონია
25.04.20 17:59
1258
"კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან მის ნახევარს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ე.წ აგრესიული ტესტირების ეფექტიანობაზე საუბრისას განუცხადა.

"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, ეს უკეთესია, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეებია - გერმანია, სამხრეთ კორეა და კიდევ ზოგიერთი ქვეყანა, ეს მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილია. ნახეთ, იმ ქვეყნებში, სადაც ეს აგრესიული ტესტირება ჩატარდა, მოსახლეობის 8-10%-ია გამოკვლეული, 90% კი მაინც გამოუკვლეველია. ამიტომ ის, რომ მოსახლეობაში შეიძლება იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება.

ჩვენ 5 წელიწადია ვაწარმოებთ "C ჰეპატიტის" აგრესიულ ტესტირებას, ექიმები კარდაკარ დადიან ქალასა და სოფელში და სთხოვენ მოსახლეობას, ტესტირება ჩაიტარონ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი 5 წელია მიმდინარეობს, მოსახლეობის ნახევარზე მეტია გამოკვლეული და ახლა კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან მის ნახევარს. გერმანიამ 10%-ზე მეტი ვერ გამოიკვლია", - განაცხადა ცერცვაძემ.

მას ჟურნალისტებმა ასევე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას მიერ დღეს გაკეთებული კომენტარის განმარტებისთვის კითხვით მიმართეს. ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 24 საათში COVID-19-ის შემთხვევების 25 ერთეულით ზრდა, სწორედ "აგრესიულ კვლევებს" უკავშირდება.

"ეზუგბაიამ ის იგულისხმა, დიდი ალბათობით, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას და თუ ეპიდემია ასე წავიდა, როგორც ეს მაგალითად გრიპის დროს ხდება, მაშინ არც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება, თუმცა პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მე ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს პიკს მივაღწევთ, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ შეიძლება წავიდეს დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება, ე.წ კოჰაბიტაცია", - განაცხადა ცერცვაძემ.