მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნული ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა მარტში

60714e07f0b60
BM.GE
10.04.21 11:04
3984
საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2021 წლის მარტში საშუალო დღიურმა ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა - ამის შესახებ თავად საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა კი $699 მილიონი დოლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე გასული თვის განმავლობაში გარიგებები არ დადებულა.

"საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.

2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.699 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2021 წლის მარტის თვეში - 0 ლარი,"- ნათქვამია საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.

საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ 8 გარიგება შედგა, მათი მოცულობა კი 2,453 ლარს შეადგენდა. მათ შორის სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაყიდა.