მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის მოგზაურობა 9 ევროდ - გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აიაფებს

628a2e5e1c62e
მარიამ ადამია
23.05.22 00:05
1979
ულიმიტო ტრანსპორტის მთელი თვე, სულ რაღაც 9 ევროდ - ასეთია გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა/წახალისება და ასევე ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა. ანუ შეთავაზება გულისხმობს, სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში, გერმანიის შიგნით, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ გადაადგილებას. საწვავის ფასების ზრდის, მანქანების გაქირავების ტარიფების და მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი მატების ფონზე კი, ეს ნაბიჯი უდიდესი შეღავათია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის - წერს CNN

გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური 9 ევროს ღირებულების ტარიფი უკვე დაამტკიცა და ის ივნისში - სწორედ ზაფხულის მოგზაურობის დროს შევა ძალაში. ამიტომაც გერმანია, 2022 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ევროპაში. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი თუ ტრამვაი. თავად გარიგება ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს და გარდა იმისა, რომ მეტი ტურისტის დაინტერესებას გამოიწვევს, ასევე წაახალისებს ადამიანებს, რომ დატოვონ პირადი ავტომობილები და გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.

მთავრობამ პროექტში 2,5 მილიარდი ევრო ჩაიდო და თითოეული საშვი ძალაში კალენდარული თვის განმავლობაში დარჩება - ასე რომ, თუ თქვენ ბარათს, მაგალითად შუა თვეში იყიდით, ის ძალაში მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლომდე დარჩება. გერმანიის რკინიგზამ კი, უკვე დაამატა საშვები ვებ-ვებ-გვერდზე და გაყიდვაშიც ჩაშვებულია.

ცნობისთვის, გერმანია, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებულია შეამციროს ენერგომატერებლების მოხმარება და ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, რათა სრული ემბარგო “მართვადი” ყოფილიყო.