მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუნუკა თამაზაშვილისთვის მიწის იჯარის გადაცემაზე მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს

61fd2cef2b3f6
BM.GE
04.02.22 17:50
2034
მთავრობის სტრატკომი ბაკურიანში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული, ცილისწამებლური კამპანია ბაკურიანში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებებისა და პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება, არ წყდება ცრუ, აბსურდული ბრალდებების გავრცელება, რომლის მიზანია პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვავრცელებთ ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ბრალდებები არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საუბარია არა ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე, როგორც ამას ცდილობენ წარმოაჩინონ დეზინფორმაციის ავტორები, არამედ დაახლოებით 0,6-მდე ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. შესაბამისად, სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ბაკურიანის ტყეში გადაადგილებას. ასევე ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, განთავსებულია სხვა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები და საუბარი იმის შესახებ, რომ „პრემიერ-მინისტრმა ტყის მასივში, რეკრეაციულ ზონაში რეზიდენცია აიშენა“ ისეთივე სიცრუეა, როგორც სხვა ბრალდებები"-ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის სტრატკომი ასევე ამბობს, რომ აბსურდი და ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე საკუთარი სათხილამურო ტრასის მოწყობას და ამისთვის ხეების განადგურებას.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აუქციონში გამარჯვებული იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა, ასევე იგი ვალდებულია ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).

პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ბაკურიანში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე 5958 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის იჯარის უფლება მოიპოვა ღია აუქციონის წესით, მხოლოდ და მხოლოდ ტყის მოვლა-პატრონობისა და მრავალწლოვანი, მარადმწვანე ხეების დარგვის მიზნით, რის სანაცვლოდაც სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხდის შესაბამის საფასურს 5958 ლარის ოდენობით.

ასევე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ იჯარის შესახებ დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც აგებულია აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანია, არის ღია და საჯარო, ისევე როგორც აუქციონი, რა გზითაც მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე იჯარის უფლების მოპოვება. ჩატარებულ ღია აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ნებართულია გარკვეულ ტერიტორიაზე ტყით სარგებლობისა და იჯარის უფლების მოპოვება.

აღნიშნული ვიდეომასალითა და დოკუმენტური ფაქტებით ნათლად ჩანს, ყველა გავრცელებული ბრალდება არის სიყალბე, ფაქტების დამახინჯება და წარმოადგენს ფეიკ-ნიუსის კლასიკურ მაგალითს, რაც ემსახურება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას, რაც ისევე, როგორც სხვა მრავალი, მართული დეზინფორმაციული კამპანიები, უშედეგოდ დასრულდება"-წერია განცხადებაში.