მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნუტრიმაქსი” ფერმერებისთვის კონკურსს აცხადებს

5f15cfff8a662
ნინი ლონგურაშვილი
20.07.20 22:00
1375
ცხოველთა საკვების მწარმოებელი "ნუტრიმაქსი" აცხადებს კონკურსს პარტნიორი ფერმერების შესარჩევად, რომლებთან ერთადაც კომპანია მეფრინველეობის ახალ ფერმებს განავითარებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალტექნოლოგიური ბროილერის ფერმის ან ფერმების მოწყობა 25 000 ფრინველზე, სადაც შესაძლებელი იქნება წლიურად დაახლოებით 250 ტონა ქათმის ხორცის წარმოება.

“ნუტრიმაქსი ზოგადად ჩართულია იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რასაც ხორცის წარმოება ჰქვია. ჩვენ უბრალოდ საკვებს ვამზადებთ და ამ რგოლში ვართ. თუმცა, ვხედავთ, რომ მთლიანი ჯაჭვი არ ვითარდება და აქ არის პრობლემა. დასაწყისიდან, საბოლოო მომხმარებლამდე ეს ჯაჭვი არ არის გამართული. ჩვენ გვინდა, განვავითაროთ ფერმერული ოჯახები, რომელთა პროფესიაც იქნება ფერმერობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ბევრი ოჯახი, რომლებსაც სურთ რომ ამ საქმეში ჩაერთონ, თუმცა ამისთვის რაღაცა არ ჰყოფნით, ზოგს თანხა არ ჰყოფნის, ზოგს გამოცდილება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რეალიზაცია. ჩვენ ვუხსნით ამ პრობლემებს, ვეუბნებით რომ თუ თანხის პრობლემაა, ჩვენ შემოვდივართ შენთან ერთად, ვაორგანიზებთ ფერმის მშენებლობას და ასევე რეალიზაციის საკითხს საერთოდ გიხსნით. ჩვენ უზრუნველყოფთ ყველა აუცილებელი მასალით, რაც ნიშნავს ფერმის თავიდან ბოლომდე გამართვას", – ამბობს "ნუტრიმაქსის" მმართველი პარტნიორი ბექა ბერაია.

მისივე თქმით, კონკურსი ეძებს ისეთ ფერმერებს, რომლებიც ფლობენ ფერმას.

“ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ისეთი ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ფერმა, ან საწყის ეტაპზე თანამესაკუთრეები. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ შეიქმნას ფერმა და მათ თავი იგრძნონ მფლობელებად და არა დამქირავებლად. ჩვენ ვითხოვთ თანამონაწილეობას, იმისთვის, რომ ფერმერი ერთის მხრივ იყოს მესაკუთრე და მეორეს მხრივ რაღაც ჰქონდეს დასაკარგი, ანუ იყოს ბოლომდე მოტივირებული, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში. ამ პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ პოტენციურ ფერმერებს მოახდინონ თვითრეალიზება“, – აღნიშნა ბექა ბერაიამ.

პროექტის ფარგლებში "ნუტრიმაქსი" უზრუნველყოფს საჭირო რესურსების მიწოდებასა და შემდგომ პროდუქციის რეალიზაციას. ფერმერის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება ფერმაში მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული წამოწყების მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, ფერმერული საქმიანობის მხარდაჭერა ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსებით, ასევე საწარმოო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.