მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

647603ece0f18
გიორგი თოლორდავა
31.05.23 01:00
932
მიკროჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ დღეს 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ერთ კვირაში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ანუ საფონდო ბირჟაზე Nvidia-ს შეფასება დაახლოებით 350 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ Samsung-ის, Mastercard-ის, Nestle-ს, Chevron-ისა და Coca-Cola-ს საბაზრო ღირებულება $300 მილიარდის ფარგლებში მერყეობს, ანუ ერთ კვირაში Nvidia-ს კაპიტალიზაცია დაახლოებით ერთი Samsung-ით გაიზარდა.

Nvidia-ს მკვეთრი აღმასვლა ფინანსური შედეგების გასაჯაროებას უკავშირდება, როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში Nvidia-მ 11 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს 50%-ით აღემატება.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრის გარდა, Nvidia თავადაც მუშაობს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და Cloud-გეიმინგის განვითარებაზე.

ცხადია, Nvidia-ს პორტფელი მხოლოდ AI-მოწყობილობებს არ მოიცავს. კომპანია გეიმინგ ინდუსტრიის ლიდერიცაა, მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს და ნახევარგამტარებს სწორედ Nvidia აწარმოებს. Nvidia-ს პროდუქტები ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ერგება, მისი ჩიპები გვხვდება როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ კლასის კომპიუტერულ მოწყობილობებში.

Nvidia კალიფორნიაში 1993 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 26,000 თანამშრომელს ასაქმებს. ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს, პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში კი ის ამჟამად მეექვსე ადგილზეა.

წლის დასაწყისიდან დღემდე Nvidia-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 190%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს 500 უმსხვილეს კომპანიას შორის საუკეთესო შედეგია.

Nvidia-ს რეკორდული აღმასვლის ფონზე, გაორმაგებულია კომპანიის დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის ქონების შეფასებაც და ის ამჟამად 35 მილიარდ დოლარს აღწევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.