მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ობჩაში ახალ საწარმოს ვაშენებთ“ – „ბაიას ღვინო“

642acbb43d82b
ნანუკა ნარიმანიძე
05.04.23 09:30
742
კომპანია „ბაიას ღვინო“ 2023 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში ახალ საწარმოს გახსნის - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ბაია აბულაძემ BM.GE-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მიმდინარე წლის უმთავრესი გეგმაა ახალი საწარმოს მშენებლობა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს ეს მშენებლობა დასრულდება, ამასთან, გვაქვს 9 ჰექტარი ახალშენი ვაზი, რომელიც 4-5 წელიწადში ძალიან კარგ შედეგებს დაგვანახებს, სამომავლო გეგმებშია არსებული ვაზის გაძლიერება და დასტაბილურება“, - განმარტა ბაია აბულაძემ.

დამფუძნებელი BM.GE-სთან ინტერვიუში სხვა სიახლეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია გაფართოვდა.

„არსებულ 17 საექსპორტო ბაზარზე სახეობრივად ძალიან გავფართოვდით, თუ აქამდე მხოლოდ 1-2 სახის ღვინო გადიოდა, ახლა, მინიმუმ 4-5 დასახელების პროდუქციას ვგზავნით. მოთხოვნა გაზრდილია რაოდენობრივადაც. ამასთან, შეიცვალა ადგილობრივი ბაზარიც და არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ადგილობრივ მომხმარებელზეც გავხდით დამოკიდებულები“, - ამბობს ის.

გარდა ამისა, ბაია აბულაძემ 2022 წლის დადებით და უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა.

„იმის მიუხედავად, რომ წინა წლებთან შედარებით რთული რთველი გვქონდა, ტურიზმისა და გაყიდვების მხრივ ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. აღსანიშნია ისიც, რომ გასულ წელს დავრგეთ ახალი სახის ვაზი. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავარი გამოწვევა გარემო-პირობებია, ვინაიდან გვაქვს ორგანული წარმოება და ბიო-წარმოების სერტიფიცირების გზაზე ვდგავართ, სრულიად დამოკიდებულები ვართ ამინდის პირობებზე, გარდა ამისა, გაძვირდა შემოტანილი ნედლეულისა და მუშა ხელის ფასი, მაგრამ 3 წელია სტაბილურად ვინარჩუნებთ ფასს, გვინდა მეტმა ადამიანმა შეძლოს ჩვენი ღვინის დაგემოვნება“, - განმარტა დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „ბაიას ღვინო“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს 7 სახის ღვინოს სთავაზობს. კომპანიის ქარხანა ბაღდათის სოფელ ობჩაში მდებარეობს და მისი წლიური წარმოების მოცულობა დაახლოებით 18 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. ღვინოები ექსპორტზე 17 ქვეყანაში გადის, მათ შორის - სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და რამდენიმე ამერიკის შტატში. მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე კომპანია 8000 ბოთლ ღვინოს გზავნის.