მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება", "ლელო", "ნაცმოძრაობა" - რომელმა პარტიამ რა შემოწირულობა მიიღო

5e9d7446e1835
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.20 14:23
3161
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უწყების ვებგვერდის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში, 2,673,895 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა - 1,108,771 ლარი მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რომლის სასარგებლოდაც პერიოდის განმავლობაში 58 დონაცია განხორციელდა. შემომწირველებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილიც, რომელმაც ორი შემოწირულობით პარტიას, ჯამში, 50,000 ლარი გადაურიცხა.

შემოწირულობების მხრივ, იანვარ-აპრილის პერიოდში მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 27 შემომწირველისგან, ჯამში, 761,915 ლარი მიიღო, ხოლო “საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს” მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა კი, 288,300 ლარს შეადგენს.

მიღებული შემოწირულეებების ზომით მესამე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 198,444 ლარით, ხოლო “ევროპული საქართველოს” შემოწირულობების ოდენობა კი, 138,060 ლარია.