მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნებას” საარჩევნოდ 16.5 მლნ ლარი შესწირეს, დონორებმა წელსვე 155 მლნ-ის ტენდერები მოიგეს - TI

617bc272ef6a5
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.21 13:46
1684
2021 წლის პირველი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სულ 23,227,322 ლარის პოლიტიკური შემოწირულობები გაიცა. ამ თანხის 71% კვლავინდებურად მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” შესწირეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წელსვე “ქართული ოცნების” ცალკეულ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 155 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვეს და 6 მლნ ლარის უტენდერო (გამარტივებული) კონტრაქტები გაუფორმდათ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიხედვით, შემომწირველი და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არიან:

“შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს.

ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას, ჯამში, 110,000 ლარი შესწირეს.

კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „არალი”, რომელმაც 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილის კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი კონტრაქტების მიღებასა და ამ პროცესში კორუფციული რისკების არსებობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე.

სხვა წლების მსგავსად, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს „არსაკიძე-2000”, კომპანია, რომელმაც 2021 წელს, დაახლოებით, 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს „ლილო-მოლთან” - მსხვილ ბიზნესჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან და ისინიც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მსგავსად, მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”. რომელმაც „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, პარლამენტის ყოფილი წევრის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ასევე არაერთხელ უსაუბრია,” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.