მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" 100,000-ლარიანი შემომწირველი - ვისია კომპანია, რომელც პირბადეების წარმოებას იწყებს?

5e986a3dd82ed
თელარა გელანტია
16.04.20 18:47
3574
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რესპირატორმა“ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს”, - აღნიშნული ინფორმაცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზში ასევე ეწერა, რომ „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით. (საუბარია კომპანია „უვ პრინტზე“, რომელმაც 2017 წელს ახალი პოლიგრაფიული საბეჭდი მანქანა-დანადგარი შეიძინა. მაშინ ახალი ხაზის შესაძენად კომპანიამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა (სესხის 10%-იანი თანადაფინანსება, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 530 000 ლარი იყო). 

Bm.ge დაინტერესდა, ვინაა კომპანია „რესპირატორის“ გუნდი, ვის საკუთრებაშია კომპანია და ასევე როდის დაფუძნდა ის? 

როგორც ბიზნეს-რეესტრიდან ირკვევა, „რესპირატორი“ გუშინ, 15 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი მესაკუთრეა მოქალაქე სერგო გალუსტიანი. კომპანიას 2 დირექტორი ჰყავს, მათგან ერთი სერგო გალუსტიანია, მეორე კი - ლაშა ლაბარტყავა.

როგორც ირკვევა, გალუსტიანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. კერძოდ, transparency.ge-ის მიხედვით, გალუსტიანმა 2016 წელს „ოცნებას“ 40,000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილს - 60,000 ლარი.

რაც შეეხება „რესპირატორის“ საქმიანობას, როგორც კომპანიის მესაკუთრემ გვითხრა, საწარმო დიღომშია განთავსებული. ამ ეტაპზე 12 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და პირბადეების წარმოება გუშინ დაიწყეს. სერგო გალუსტიანი ირწმუნება, რომ პირბადეების წარმოების იდეა ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ გააჩინა. 

„ვნახეთ, რომ არავინ აპირებდა პირბადეების საწარმოებლად ავტომატური ხაზი ჩამოეტანა, საკმაოდ კარგი კონტაქტები გვაქვს ჩინეთთან და გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ covid-19-თან ბრძოლაში“, - უთხრა bm.ge-ის გალუსტიანმა. 

მისივე თქმით, ჩინეთში ერთი საწარმოო დანადგარი დაახლოებით, $60 000 -$120,000 დოლარამდე ღირს, რაც ხარისხზეა დამოკიდებული. დანადგარი, დაახლოებით, 2 კვირაში ჩამოვიდა, თუმცა მთავარ გამოწვევას ნედლეულის შესყიდვა წარმოადგენს, რომელიც covid-19-ის გამო დეფიციტურია და თან გაძვირდა. 

„ამ ეტაპზე ერთი დანადგარი გვაქვს, რითაც ყოველდღიურად 100-120 ათასი პირბადის წარმოება შეგვიძლია. 20 აპრილს ველოდებით უკვე მეორე საწარმოო ხაზს, თუმცა მთავარი გამოწვევა ნედლეულია და სწორედ ამაში გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მთავრობა უშუალოდ მწარმოებლებთან კონტაქტების მოძიება-მოლაპარაკებებში გვეხმარება, რადგან ასე ვთქვათ, არ გვატანენ ნედლეულს, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისთვის სჭირდება. მოკლედ, კონკრეტულ კომპანიებს როცა ვპოულობთ, მერე ჩვენ ვუკავშირდებით მთავრობას, რომ დიპლომატიური გზებით დაგვეხმაროს“, - განაცხადა გალუსტიანმა და დასძინა, რომ ნედლეული ძირითადად, ევროპის ქვეყებიდან, ასევე, ბელურუსიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოაქვთ. 

„რესპირატორის“ მესაკუთრე ირწმუნება, რომ გარდა აღნიშნული მხარდაჭერისა, მთავრობა ფინანსურად კომპანიას არ ეხმარება და არანაირ სუბსიდირებას არ უკეთებს. 

რაც შეეხება პირბადეების ფასს, როგორც სერგო გალუსტიანმა გვითხრა, პირბადეების თვითღირებულება 12-დან 15 ცენტამდეა და ფონდ “ქართუსაც“ პროდუქციას, დაახლოებით, ამავე ფასში ან მაქსიუმ 10-15%-იანი დანამატით აძლევენ. 

„4 მლნ პირბადის შეკვეთა გვაქვს „ქართუსგან“, რაც არაა ცოტა. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. მერე შეიძლება ისევ ქართუ „ფონდმა“ გააგრძელოს პირბადეების გამოსყიდვა. ისე, ჩვენ ბევრ კომპანიას მივმართეთ და შევატყობინეთ, რომ წარმოების დაწყებას ვაპირებთ და დაგვეხმარეთ- ანუ წინასწარ შეკვეთები განათავსეთ, რომ ჩვენ შევძლოთ ფულადი რესურსების მობილიზება ნედლეულის შესაძენად“, - აღნიშნა კომპანიის მესაკუთრემ, რომლის პროგნოზით, სამომავლოდ, სავარაუდოდ, ნედლეულის პრობლემა შეექმნებათ, თუმცა ისევ მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. 

სერგო გალუსტიანის ინფორმაციითვე, „რესპირატორის“ მიერ წარმოებულ პირბადეებს ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა აქვს.

„ნედლეულს, რასაც ვყიდულობთ, ისედაც ყველაფერს სერტიფიკატი მოჰყვება, ამიტომ გამორიცხული იყო ლუგარის ლაბორატორიას დადებითი დასკვნა არ მოეცა“, - აღნიშნა მან.

bm.ge-მ სერგო გალუსტიანს რამდენიმე კითხვა "ოცნებისა" და სალომე ზურაბიშილისთვის, ჯამში, 100,000 ლარის შეწირვასთან დაკავშირებითაც დაუსვა. 

- თქვენ შეწირეთ ნამდვილად „ოცნებას“, ჯამში, 100,000 ლარი თუ უბრალოდ გამტარი იყავით?

- მე ვიყავი... მინდა გითხრათ, რომ არცერთი სახელმწიფო ტენდერი არ გვაქვს მოგებული. პირიქით, ვერიდებით სახელმწიფო შეკვეთებს და ძირითადად, ვმუშაობთ სარეკლამო სააგენტოების შეკვეთებზე და შემდეგ ისინი არიან პროდუქციის მიმწოდებლები სახელმწიფო თუ სხვა უწყებების მიმართ.

- რატომ შესწირეთ სახელისუფლებო პარტიას 100,000 ლარი?

- იმიტომ, თუ რა ვითარებაც არის ბიზნეს-გარემოს კუთხით... აქდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მხარი დავუჭიროთ...

- ანუ ერთგვარი ჟესტი იყო ეს, რომ რომ მოგწონთ არებული ბიზნეს-გარემო და პოლიტიკური გუნდი?

- ბიზნეს გარემო ძალიან მოგვწონს, მოდით, ასე ვთქვათ.