მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" დეპუტატი ფიქრობს, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია

5dd7b8a697bf9
თელარა გელანტია
22.11.19 14:26
939
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სონღულაშვილის აზრით, ლარის კურსზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია.

ამის შესახებ სონღულაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ვალუტაში 200,000 ლარამდე სესხის აღების აკრძალვაა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ვალუტაში 200,000 ლარამდე სესხის აღების აკრძალვა მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხრიდან შესაბამის კანონში ცვლილების შეტანით დამტკიცდა, დეპუტატს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის მხარესაა.

უმრავლესობის წევრმა გადაცემის წამყვანის რეპლიკის პასუხად აღნიშნა, რომ მას არანაირად არ გასჭირვებია იმის გარჩევა, თუ ვინ მიიღო რეგულაცია.

„გარჩევა არ გამჭირვებია არანაირად. პრინციპში, ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იყო, რომელიც თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი იყო და ამიტომ მაინტერესებდა, ამ ნაწილზე ვინ იღებდა პასუხისმგებლობას, რადგან ამ შეზღუდვის გამო ლარის კურსზე წნეხი მნიშვნელოვანია. აგიხსნით, 200,000-ლარიანი შეზღუდვის პრობლემას. ფაქტობრივად, ბაზარს რომ შევხედოთ, ასეთი სიტუაციაა - მოთხოვნაა დოლარზე, რომელიც დეფიციტურია და არის ჭარბი მიწოდება ლარის, რომელიც ერთობლივად იწვევს იმ პრობლემას, რაც ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით გვაქვს. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უწყებამ, რომლის ინიცირებულიც იყო ეს რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო მთავრობის ინიცირებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ეროვნული ბანკის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა დეპუტატმა.
წამყვანის კითხვა-რეპლიკაზე - შექმნილ ვითარებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციაზეც და კურსზეც პასუხისმგებელი სებ-ია.

„თუ ეს (იგულისხმება ვალუტაში 200,000 ლარამდე სესხზე შეზღუდვა) მთავრობას არ უნდა გაეტარებინა, ამაზე რეაგირებაც ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა, რადგან ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზეც რომელიც 7%-მდეა გაზრდილია, ნაცვლად 3%-იანი მოლოდინისა და ლარის იმ კურსზე, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, ქვეყანაშია“, - განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა.