მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნების” დეპუტატი საზმაუს დაფინანსების ფორმულას აკრიტიკებს

616d429e7d7b4
მარიამ ვარადაშვილი
18.10.21 13:55
1019

საპარლმენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სქემა რეალობასთან  შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, რამდენიმე წელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტსაც გადააჭარბებს.

“ძალიან კარგი, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია ასე ფინანსდება, მაგრამ ის ფორმულა, რომელიც 10-15 წლის წინ იყო მიღებული უკვე არალოგიკური ხდება. იმიტომ, რომ მომავალ წელს თბილისის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტზე დიდი ბიუჯეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებლობას. მომავალ წელს კარგი, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ რაღაც უაზრო ციფრებზე გავალთ. ფორმულა რომ დამოუკიდებელი იყოს, ეგ უნდა დარჩეს, თუმცა ალბათ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს რეალობასთან,”-თქვა კვიჟინაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპასუხოდ  განაცხადა, რომ ახალი ფორმულის ჩამოყალიბებას მხარს უჭერს, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

“მხარს დავუჭერ, რომ სწორი ფორმულა ჩამოყალიბდეს. ამაზე ვიმსჯელოთ და ჩვენი მოსაზრებებიც გითხრათ. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი ყოველწლიურად გარანტირებული ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აქვთ, ამიტომ ამ მიმართულებით შესაძლებელია ვიფიქროთ. ჩვენი მხარდაჭერა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, იქნება,”-განაცხადა კაკაურიძემ.


მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 12.6 მილიონი ლარით, 81.8 მილიონ ლარამდე იზრდება. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემი საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს მშპ-ის ზომაზე არის მიბმული, შესაბამისად მის ზრდას ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განაპირობებს.