25.მაისი .2020 00:05

"ოცნების" ლობისტების მორიგი წერილი ვაშინგტონში

views 1469
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ კი საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ მორიგი წერილი გაასაჯაროვა. საუბარია ქართული ოცნების ლობისტების, DCI Group-ის მიერ ვაშინგტონში პარტია ქართული ოცნების სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებას ეხება.

წერილს ახლავს, როგორც DCI Group-ის წარმომადგენლის განცხადება, ასევე თავად მმართველი პარტიის განცხადებაც, რომლის ადრესატიც საერთაშორისო საზოგადოებაა. მასში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ცალკეული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ წერილში სახელისუფლებო პარტია აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ მის შედეგად, ვინმემ საპატიმრო უნდა დატოვოს. და მოყვანილია ციტატა ფასილიტატორების, ანუ ელჩების განცხადებიდან:

“აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული,"- ნათქვამია წერილში.

ამავდროულად წერილში საუბარია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით დიპლომატიური მისიების მიერ დადებითად შეფასდა. 

“აშშ-ის საელჩოს მიერ დაუყოვნებლივ იქნა შეფასებული, როგორც წინასაარჩევნოდ თავისუფალი პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯად”.

წერილი:



“ქართული ოცნების” ლობისტური კონტრაქტები:

2020 წლის მდგომარეობით, პარტია “ქართული ოცნება” აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში ჯამში $1.2 მილიონ დოლარს იხდის და მის მიერ ორი კომპანია - Hogan Lovells-ი და DCI Group-ი არის დაქირავებული. პირველის თვიური გასამრჯელო 75,000 დოლარი ანუ წლიურად 900,000 დოლარია, მეორის კი თვეში 33,333 დოლარი და ის ოქტომბრის ბოლომდე იქნება ძალაში. რაც შეეხება მთავრობის კონტრაქტებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულია ჯამში $900,000 დოლარს ხელშეკრულებები ასევე ორ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან - StrateVarious LLC-სა და Chartwell Strategy Group-თან.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალეა და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (FARA.gov) საჯარო ხდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სერვისებს ასრულებენ ლობისტები მათი დამქირავებლებისთვის. ამაში შედის მათ დაგეგმილი ღონისძიებები, გამართული შეხვედრები, ელექტრონული მიმოწერა, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და ასევე ეგრეთ წოდებული “შეკვეთილი სტატიების” ორგანიზებაც.