მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD: ინვესტორთა ნდობის ასამაღლებლად, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდა სჭირდება

5fd9f71d6758f
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 16:10
846
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც OECD უსვამს ხაზს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების აუცილებლობაა.

“უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განმსაზღვრელი ჩარჩო გააუმჯობესა. საქართველო დღეს სექტორების უმეტესობაში ინვესტიციებისთვის ღიაა, შეზღუდვები კი ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში ნარჩუნდება. კანონმდებლობა ადგენს სამართლიან თამაშის წესებს როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ინვესტორებისთვის და განსაზღვრავს გამჭვირვალე წესებს საკუთრების უფლებისთვის.

თუმცა, ამ მიღწევების მიუხედავდ, რჩება არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის საკითხებს ენიჭებათ. საჭიროა, ძალისხმევის გაგრძელება სასამართლოს სისტემური რეფორმის განსახორციელებლად, რათა მან ინვესტორთა ნდობით ისარგებლოს. ასევე, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განმტკიცება და მათი ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანია მიწესების ერთიანი რეგისტრის გაუმჯობესება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტისთვის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნა", - ნათქვამია OECD-ის ანგარიშში.

სისტემურ გამოწვევებად OECD სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემის ამაღლებას და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, თუმცა ინვესტიციების სარგებელი სრულად არ არის რეალიზებული დასაქმების და ექსპორტის განვითარების მიმართულებით. ამის მიზეზად კი, OECD მიუთითებს, რომ ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომლებიც საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს არ ზრდიან, ამის მაგალითად კი, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორები სახელდება.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 719 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ 228 მლნ დოლარით ნაკლებია.