მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI-იმ თბილისის სასამართლოს "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა

604789a951a8b
ინგა მურუსიძე
09.03.21 18:46
9423
IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს. 

"მართალია, საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა, თუმცა მთავრობა, ცხადია, არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით და შეზღუდულია პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებით. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს მიმოსვლის თავისუფლება არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ამას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს.

"კომენდანტის საათის" დაწესების შემდგომ საქართველოში ეპიდემიური თვალსაზრისით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა თითქმის ყველა შემზღუდავი ღონისძიება გარდა კომენდანტის საათისა. კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას. სწორედ ამიტომ, როგორც აღინიშნა, "კომენდანტის საათის" გამოყენებისას სახელმწიფო თავისუფალი მოქმედების ფარგლები პირობადადებულია ამ ღონისძიების გამოყენების მკაცრი საჭიროებით.

ნორმატიულ დონეზე საქართველოში ყველა სხვა შეზღუდვა შემსუბუქდა. სრულად აღდგა ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესს ეძლევა დახურულ სივრცეში საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, შესაძლებელი იქნება ტრენინგების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ჩატარება და ა.შ. სხვაგვარად, პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად ბალანსდება ყველა სხვა შეზღუდვა. ფაქტობრივად, ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც ცვლილება არ შეხებია არის კომენდანტის საათი.

დღეს, როგორც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა, ამ ეტაპზე არ იგეგმება "კომენდანტის საათის" გაუქმება. არგუმენტი ისაა, რომ ყველა ტიპის შეზღუდვის ერთდროულად შემსუბუქება არასასურველია. ამგვარი დამოკიდებულება ცხადად მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ/ვერ იაზრებს "კომენდანტის საათიდან" მომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. ასეთი მიდგომით, კომენდანტის საათი უწყვეტად შეიძლება გაგრძელდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში "კომენდანტის საათის" პირობებში ცხოვრების დაშვება, თავისთავად მიუთითებს ამ ღონისძიების არაპროპორციული გამოყენების თაობაზე.

არსებით ყურადღებას იმსახურებს, "კომენდანტის საათის" სიმკაცრე. კერძოდ, "კომენდანტის საათის" განმავლობაში არ არსებობს საგამონაკლისო ნორმატიული კრიტერიუმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ღონისძიების მასშტაბურობით გამოწვეული ეფექტების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, "კომენდანტის საათის" გავრცელება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე (შეკრებებსა და მანიფესტაციებზე).

აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.